ტურიზმის ადმინისტრაცია გასაქირავებელ ბინებზე გადასახადების დაწესებას გამორიცხავს
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 16:07
ტურიზმის ადმინისტრაცია გასაქირავებელ ბინებზე გადასახადების დაწესებას გამორიცხავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეზღუდვებს, ან გადასახადების შემოღებას გამორიცხავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მზად არის, დისკუსიაში ჩაერთოს გიდების სერთიფიცირების, სასტუმროების ლიცენზირების, ასევე ნებაყოფლობითი სარეიტინგო სისტემების შესაძლო შემოღების საკითხებთან დაკავშირებით.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება, საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის რაც შეიძლება მეტი განთავსების ობიექტის არსებობას, მათ შორის აპარტამენტებისა და ბინების გაქირავების სახით – ეს საშუალებას გვაძლევს, ქვეყანამ მეტი ტურისტი მიიღოს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით, რაც სხვადასხვა დადებით ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად გულისხმობს იმ მოქალაქეებისთვის დამატებით შემოსავლებს, რომლებიც ტურისტებზე ბინებს აქირავებენ,” – აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიო Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის რეგულაციების შემოღებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ტვ პირველის გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას თვითონ ისაუბრა Airbnb-ზე ბინის გაქირავების სერვისის შესაძლო დარეგულირების შესახებ.

“Airbnb-ი გახდა ძალიან ბევრი სასტუმროს კონკურენტი და შეაწუხა სასტუმროები (მსოფლიოში), უხეშად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციამ. ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაცა გადასახადს არ იხდის. ეს არის ერთი მხრივ, ბიზნესს არ შეეხოს პრობლემა, მეორე ის გადასახადი, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავალია პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში და ამის ადმინისტრირება უნდა მოხდეს,” – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ ტვ პირველზე, საქმიან დილაში სტუმრობის დროს.

ტეგები