ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა წეროვანის სპორტული სკოლა მოინახულეს
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 18:32
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა წეროვანის სპორტული სკოლა მოინახულეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წეროვანში, დევნილთა დასახლებას ეწვია და სპორტული სკოლა მოინახულა.

ევროპელი სტუმრები ადგილზე გაეცნენ სპორტულ ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, სპორტულ სახეობებში ჩართულ მოსწავლე-ახალგაზრდების მიერ მიღწეულ სპორტულ შედეგებზე ინფორმაცია მოისმინეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდები ქართულ ჭიდაობაში, კარატესა და ძიუდოში აქტიურად ვარჯიშობენ და სხვადასხვა წონით კატეგორიებში საქართველოს და ევროპის პრიზიორები არიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ადგილზე ეცნობა წეროვანის დასახლებაში არსებულ ვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს სრულყოფილ განათლებაზე და სპორტულ აქტივობებში ჩართულობის სრული ხელმისაწვდომობა ქონდეს. ყოველივე ამაში კი დიდ მხარდაჭერას გვიწევს ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად ევროკავშირის მხრიდან 4.2 მილიარდი ევრო გამოიყო და მათი მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც აქტიურად გრძელდება“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირინა ფრუიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მათი მონაწილეობით 17-18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.

ტეგები