ბათუმში, საბავშვო ბაღში ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 21 / 10 / 2018 12:52
ბათუმში, საბავშვო ბაღში ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის მცხოვრები მარიკა ვაშაყმაძე კერძო საბავშვო ბაღის, „მადაგასკარის“ პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს.

ოთხი წლის ბიჭის დედის განცხადებით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ფაქტის შესახებ ბავშვმა თავად მოუყვა და ერთ-ერთი პედაგოგი დაადანაშაულა.

ვაშაყმაძემ პოლიციასა და სკოლის დირექტორს მიმართა.

„ორივე ხელზე აქვს დაზიანებები. ეტყობა, ვიღაცამ შეანჯღრია. ბავშვს რომ ვკითხე, დაასახელა მისი პედაგოგი. ასევე თქვა, რომ სახეში გაარტყა. დავრეკე პოლიციაში, გამოკითხეს ბავშვი ფსიქოლოგებთან ერთად. იგივე გაიმეორა. სკოლის დირექტორმა ფაქტი უარყო, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში საჯაროდ შეურაცხყოფა მომაყენა და ბავშვის ცემაში მე დამადანაშაულა. პედაგოგმა დამირეკა და პრინციპში არც უარყო ფაქტი. ახსნა, რომ თოჯინების სპექტაკლი დავდგითო, ბავშვებმა იჩხუბეს და მაგ დროს მიიღებდა სავარაუდოდ დაზიანებასო“, – განაცხადა მარიკა ვაშაყმაძემ.

ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

დირექტორი ბრალდებებს უარყოფს და მშობელს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

ტეგები