დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს
ამობეჭდვა · 21 / 10 / 2018 17:19
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ნევადაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთი ამ ხელშეკრულებას უკვე დიდი ხანია, არ ასრულებს.

"ჩვენ ამ იარაღის შექმნა მოგვიწევს. წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ არ აწარმოებდა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ობამა ან რატომ არ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს უფლებას, შეთანხმება დაარღვიოს. რუსეთი შეთანხმებას არღვევდა, ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენ მისი შეწყვეტა და შეთანხმებიდან გასვლა მოგვიწევს“, - განაცხადა ტრამპმა.

გასული წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რუსეთი საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლას არ აპირებს.

საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას 1987 წლის 8 დეკემბერს ხელი მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა მოაწერეს.

ტეგები