ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა - პრემიერი
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2018 12:06
ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა - პრემიერი

საქართველოში 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა. ამის ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის” სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი” პრეზენტაციაზე განაცხადა.

"აქვე მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან მომენტს. ეს უკავშირდება არა მხოლოდ ელექტრომობილების განვითარებას და ამ ტრანსპორტის პოპულარიზაციას, არამედ ზოგადად, რომ საჯარო ტრანსპორტი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა. მომდევნო კვირიდან უკვე დაიწყება საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა ე.წ. ე.წ. Car Sharing-ის, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპით, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრაფიკს ჩვენს დედაქალაქში და ამავე დროს ხელს შეუწყობს იმას, რომ ელექტრომობილებგახდეს კიდევ უფრო პოპულარული ჩვენს ადილობრივ ბაზარზე.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გავუსვათ იმ მთავარ უპირატესობას, რომელიც უნდა დაინერგოს საქართველოში და ეს არის მოხმარების კულტურა. ჩვენთვის მთავარი გახლავთ არა ის, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გვყავდეს ქვეყანაში, არამედ ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, კომფორტულად და იაფად გადაადგილდნენ და შესაბამისად, მივიღოთ დამატებითი ღირებულება ჩვენს ეკონომიკაში.

ბევრ თქვენგანს მოეხსენება ე.წ. შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესახებ. ბევრი რამ ითქვა ამ პროექტთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩემი რკინიგზაში მუშაობის პერიოდში მოხდა ამ პროექტის შეჩერება სრულიად ობიექტურად, ვინაიდან, ის ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა. უფრო მეტიც, ის იყო კონტრპროდუქტიული და მე ვიტყოდი, რეტროგრადული. თქვენ ვერ ნახავთ ევროპაში ვერც ერთ ქალაქს, სადაც არ არის განვითარებული ყველაზე მწვანე ტრანსპორტი, რკინიგზა. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ევროპულ ქალაქს, სადაც არ არის ცენტრალური რკინიგზის სადგური. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენ ყველაზე მწვანე ტრანსპორტი უნდა გადაგვეტანა ქალაქიდან და მის მაგივრად შეგვექმნა დამატებითი ავტომაგისტრალები, ჩვეულებრივი ავტომობილებისათვის. ბუნებრივია, ეს არის სრულიად მიუღებელი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა ამ პროექტს და ჩვენ გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც, ამ პროექტის დამთავრება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ხედვა გახლდათ სწორედ ის, რომ ჩვენ მოგვეხდინა ის, რაც გააკეთა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით - მოგვეხდინა რკინიგზის და მეტროს ინტეგრირება ერთმანეთში ყველაზე ეფექტური საშუალებით. დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს და კახი ამის შესახებ ისაუბრებს დეტალურად. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში.

ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ თბილისის აგლომერაციაც ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით მივაბათ თბილისის მეტროს. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროქტი და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა - ჩვენ ამას არ ვახორციელებთ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ტრენდი ასეთია, რომ ელექტრო ავტომობილები ხდება უფრო და უფრო პოპულარული. დიახ, ის ხდება უფრო და უფრო პოპულარული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობა - ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტ ელექტრომობილს შემოვიყვანთ საქათველოში დ რაც უფრო სწრაფი ტემპით ჩავანაცვლებთ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს, უფრო მეტ დოვლათს შევქმნით ჩვენს ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან უფრო დიდი ქონების მფლობელები. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განვავითარებთ უფრო ძვირადღირებულ ტურიზმს და საბოლოო ჯამში მოხდება ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი კაპიტალიზაცია", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ტეგები