დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2018 17:49
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის და ხორციელდება საჰაერო კოდექსის დახვეწისა და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, ხდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის პირობების დადგენა.

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ კვოტით კომიტეტის წევრი, დავით ჭიჭინაძე აირჩიეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, თუმცა, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი კომიტეტმა მოუმზადებლად ჩათვალა და საჭიროდ მიიჩნია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვა.

კანონპროექტი სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ეროვნულ კანონმდებლობაში აისახოს შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს დირექტივა. ამასთანავე, შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, გააჩნია სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგიც, როგორიცაა სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის, მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და ა.შ. კანონპროექტის თანახმად მოხდება ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება, შენობის როგორც გარე, ისე შიდა კლიმატურ პირობებზე მოთხოვნებისა და ხარჯ-ეფექტიანობის გათვალისწინებით.

კანონპროექტთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვები და გამოითქვა შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც დეპუტატებმა მიიჩნიეს, რომ საკითხი დეტალურ შესწავლას და ნიუანსების ზუსტ გათვლას მოითხოვს. რაც მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში შემოთავაზებული არ ყოფილა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კანონპროექტიდან გამომდინარე ნორმატიულ აქტებზე, რომელიც კონსულტაციების შედეგად უნდა მომზადდეს და არ უნდა იძლეოდეს ორმაგი წაკითხვის საშუალებას. მისი თქმით, ეს არის ამ ეტაპზე პროექტის განხილვის გადადების მოტივაცია, თუმცა კიდევ გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც მეტ დაზუსტებას საჭიროებს.

კომიტეტმა დღეს განიხილა სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი, კონკურსის შედეგად შერჩეული ტიხონი ბოკუჩავას და გიორგი მუხიგულიშვილის კანდიდატურები. კომიტეტის წევრებმა მოისმინეს თითოეული კანდიდატის სამოქმედო გეგმა. კანდიდატებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს, რის შემდეგაც კომიტეტმა კენჭისყრით 9 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გიორგი მუხიგულაშვილის კანდიდატურას.
 

ტეგები