დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დემპინგთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2018 19:57
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დემპინგთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე დღეს დემპინგთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბეგაძე რუსთავის ფოლადი დირექტორს ნუგზარ კაჩუხაშვილს, დირექტორის მოადგილეს, არჩილ მელიქაძეს, „ჰაიდელბერგცემენტის“ დირექტორს მიხაელ ჰამპელის, „ჯეოსტილის“ წარმომადგენლებს ჰარდიფ სინგჰს და ჯასპალ სინგჰს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემაზე, რაც რამდენიმე თვის წინ წამოიჭრა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან, რაც ირანული პროდუქციის დემპინგური ფასიდან გამომდინარე შეექმნა წარმოებას.

სტუმრებმა განაცხადეს, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგა ადგილობრივი მეტალურგიული წარმოებაც, რომელიც ასევე უჩივის უცხოური, კერძოდ ირანული არმატურის შემოტანას დემპინგურ ფასად, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ საწარმოებს. მხარეებმა ისაუბრეს პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და ვადებზე.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ „სახელმწიფოს მხრიდან როგორც ცემენტის მწარმოებლების, ასევე მეტალურგების მხრიდან წამოსულ პრეტენზიებზე დროული რეაგირება, არ არის მხოლოდ ამ ორი წარმოებისათვის მხარდაჭერის გამოვლინება, არამედ ეს ნათელს ხდის, რამდენად მდგრადია ჩვენი ნება, რომ ვიყოთ წარმოების მხარდამჭერები და თავისუფალი ბაზრის პირობებში არსებული ყველა ბერკეტი ავამუშაოთ შეძლებისდაგვარად სწრაფად“.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, „დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარეც კიდევ ერთხელ განმიმტკიცა რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. ისევე როგორც ძალიან მკაცრად უნდა მოწმდებოდეს საზღვარზე ყველა პროდუქცია. მათ შორის ის პროდუქცია, რომელიც კონკურენციაში შედის ჩვენთან წარმოებულ ადგილობრივ პროდუქციასთან“, განაცხადა რომან კაკულიამ.

მან ასევე თქვა, რომ სპეციალური საკომიტეტო მოსმენა მიეძღვნება აღნიშნულ პრობლემებს. „ჩვენ ვაპირებთ სპეციალური საკომიტეტო მოსმენა მივუძღვნათ ამ ორი მწარმოებლის პრობლემებს. მოვიწვევთ ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს, რომ თავისი სახელი დავარქვათ არსებულ პრობლემას და დავსახოთ მისი გადაწყვეტის გზები და ვადები. იმიტომ, რომ, როგორც მწარმოებლები ამბობენ, დრო არის ძალიან კრიტიკული. რადგან საქმე ეხება ქარხნების გარკვეული ნაწილის შეჩერებას და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. ამიტომ აქ შეყოვნება და არაეფექტურობა დაუშვებელი იქნება“, განაცხადა რომან კაკულიამ.

ტეგები