მაია ბითაძე: სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2018 21:00
მაია ბითაძე: სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა არ შეჩერებულა.

როგორც მაია ბითაძემ განმარტა, საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო, კანონი ძალაშია და ამ ეტაპზე საკრებულოს მიერ მხოლოდ შესაბამისი აქტის გამოცემაა დარჩენილი.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომელიც ძალაშია. ჩვენ ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში, საკრებულოსთან და ამ სფეროში მომუშავე ასოციაციებთან და კომპანიებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიაროთ ის პროექტი, რომელიც საკრებულოს მიერ უნდა დამტკიცდეს და რომელიც ზუსტ დროს განსაზღვრავს. ვფიქრობთ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში გვეცოდინება ზუსტი თარიღი, თუ როდის
შევა ძალაში ის ვალდებულება, რაც საქართველოს პარლამენტს უკვე აქვს განსაზღვრული, კერძოდ, სადისტრიბუციო მანქანებისთვის პიკის საათებში მოძრაობის აკრძალვა“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივის განხილვა, რომელიც დისტრიბუციის მანქანების ღამის საათებში გადადგილებას ეხება, დროებით შეჩერდა.

ტეგები