დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2018 10:47
დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული მდგომარეობა, ასევე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები, რომლებიც ძირს უთხრის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მხარეებმა აღნიშნეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩვეულ რეჟიმში, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების დაცვით, ფუნქციონირების საჭიროება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და მის ფარგლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას, როგორიცაა: რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.