დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2018 12:57
დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან ვიქტორას პრანცკიეტისთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ლიეტუვის და საქართველოს  ისტორიულად მტკიცე მეგობრობას, რაც ასევე აისახება ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობაში.
 
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის პარლამენტს ლიეტუვურ ენაზე საქართველოს ავთენტური დასახელების შემოღებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს პატივისცემის  კიდევ ერთი გამოხატულებაა. თავის მხრივ, ლიეტუვის პარლმენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა საქართველოს შემხვედრი გადაწყვეტილება.
 
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობა, ხაზი გაუსვეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ინტენსიურ ურთიერთობებს.
 
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ლიეტუვის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რაც  ასევე გამოიხატა ლიეტუვის პარლამენტის მიერ საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ერთხმად მიღებული რეზოლუციით.  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ქართულმა მხარემ  ხაზი გაუსვა, რომ ლიეტუვა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც სანცქიები აამოქმედა  „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირების მიმართ და მადლობა გადაუხადა ლიეტუვას ამ გადაწყვეტილების გამო.
 
ლიეტუვის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და აღინიშნა, რომ ლიეტუვა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიაწოდა ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ევროპულ დღის წესრიგზე, ლიეტუვის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ინიციტივა - ევროკავშირში ინტეგრაციის გზამკვლევი, რომელიც გულისხმობს საქართველოს პრაქტიკულ მომზადებას ევროკავშირთან დასაახლოებლად.
 
აღინიშნა ლიეტუვის პრაქტიკული დახმარებაც ამ მიმართულებით, რაც გამოიხატა ლიეტუვის მიერ ტვინინგის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელებაში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და მადლობა გადაუხადა ლიეტუვას იმ მხარდაჭერისთვის,რომელსაც ქვეყანა გრძნობს ყველა საერთაშორისო ფორმატში.