ნაძალადევის რაიონში შვიდ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2018 18:41
ნაძალადევის რაიონში შვიდ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, შვიდ მისამართზე ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ხევისუბნის ქ. N12-ში ხორციელდება, სადაც 60 გრძივ მეტრზე წყალსადენის ქსელი და 150 გრძივ მეტრზე წყალარინების სისტემა იცვლება. ასევე, მონტაჟდება შვიდი საკომუნიკაციო ჭა. 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ კორპუსში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები შეიქმნა, რაც პროექტის დასრულების შემდეგ სრულად აღმოიფხვრება. მოძველებული მილები ახლით იცვლება, რის შემდეგაც,  შენობის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. საბოლოო ჯამში, კორპუსში მცხოვრები 81 ოჯახის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. 

2018 წლის იანვრიდან დღემდე, მსგავსი პროექტი 13 მისამართზე განხორციელდა. შვიდი პროექტი კი წლის ბოლომდე დასრულდება. 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციისთვის გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჯამში, 500 000 ლარია გათვალისწინებული.