ახალციხეში 15 წლის გოგო, სავარაუდოდ, თანაკლასელმა გააუპატიურა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 24 / 10 / 2018 17:19

ახალციხეში ქალი არასრულწლოვან შვილზე შესაძლო ძალადობის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. როგორც 15 წლის გოგოს დედა ამბობს, საქმე გაუპატიურების მუხლით ჯერ კიდევ მარტში აღიძრა, თუმცა სამართალდამცველებმა დეტალების მოკვლევა 9 თვის შემდეგ დაიწყეს. ინფორმაციას TV9 ავრცელებს.

15 წლის გოგო ამტკიცებს, რომ თანაკლასელმა ბიჭმა მასზე გასული წლის დეკემბერში იძალადა, რის შემდეგაც დანით ემუქრებოდა, რომ მომხდარის შესახებ, არავისთვის მოეყოლა. გოგოს თქმით, იგი მომხდარს სწორედ ამის გამო მალავდა. 

კლასელზე ძალადობის შესახებ სხვა მოსწავლეებმა მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მას მერე გაიგეს, რაც ისინი პოლიციამ დაკითხა. დაზარალებული გოგოს თქმით, ის ეჭვობს რომ კლასელებმა მასთან კონტაქტი მომხდარის გამო შეწყვიტეს. გოგოს მშობელი კი ამბობს, რომ სკოლაში შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო, სკოლის დირექტორმა გოგოს სხვა სკოლაში გადაყვანა მოითხოვა. როგორც აღმოჩნდა მშობლების ნაწილსაც არ სურდა, რომ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლს მათ შვილებთან ერთად ესწავლა და ამის გამო ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. განცხადებაზე 22 მშობლიდან ხელი 10-ს აქვს მოწერილი.

სკოლაში მოსაწვლის შევიწროების ფაქტს სკოლის დირექტორი უარყოფს და კომენტარზეც უარს აცხადებს.

"სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი პრობლემის იდენტიფიცირების მომენტიდან ფლობენ ინფორმაციას და აქტიურ კომუნიკაციას ამყარებენ ბავშვებთან და ოჯახთან. ინტენსიური ურთიერთობის პროცესში გამოკვეთილი საკითხები კომპეტენტური პირების ჩართულობით ეტაპობრივად გვარდება. რაც შეეხება სკოლაში მიმდინარე საკითხებს - ეს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით და მათი მეთვალყურეობით უნდა მოგვარდეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, რესურსცენტრის უფროსთან ერთად, არაერთხელ იყვნენ სკოლაში და გაესაუბრნენ დირექტორსა და პედაგოგებს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, დაგეგმილია მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრაც", - აცხადებენ სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების ცენტრში.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 2018 წლის მარტში სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესული წერილის საფუძველზე დაიწყო. საქმის მოვკლევა თავიდან 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყეს, 19 სექტემბერს კი საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით გაგრძელდა. შსს-ში ამბობენ, რომ გოგოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა დასკვნის შესახებ ინფორმაცია გამოძიებისთვის ჯერ ცნობილი არ არის.

ტეგები