კახა კალაძე ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის ცერემონიალს დაესწრო
ამობეჭდვა · 24 / 10 / 2018 19:48
კახა კალაძე ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

დედაქალაქის მერი რუსთავში, ბორის პაიჭაძის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. 6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს მოემსახურება. ტერიტორიაზე ორი შენობაა განთავსებული.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროექტები არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში ხორციელდება და სპორტით დაინტერესებულ მოზარდებს, ადგილზე აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა.

„ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, ნიჭიერი თაობები გვეზრდებიან და სწორედ მათ სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ მომავალში გახდნენ წარმატებული ფეხბურთელები. მინდა ახალგაზრდებს მივმართო, რომ განათლების გარეშე შეუძლებელია იყო წარმატებული ნებისმიერ სფეროში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სპორტი, ბიზნესი თუ სხვა რაიმე მიმართულება. ამდენად, ვეთანხმები პრემიერის პათოსს და მიხარია, რომ აკადემიაში არის შესაძლებლობა, რომ სპორტით დაკავებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ განათლება. მოხარული ვარ, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალაქი, რაიონი და სოფელი მოვიცვათ სპორტით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან მადლობა გადაუხადა როგორც პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, ისე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ლევან კობიაშვილს.

კახა კალაძის თქმით, ლევან კობიაშვილის სწორი მენეჯმენტი არა მარტო ამ პროექტის განხორციელებით გამოიხატა, არამედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც აისახა.

„დიდი მადლობა უეფას და ფიფას მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშეც ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მინდა, წარმატება ვუსურვო ლევან კობიაშვილს, რადგან ზუსტად მისი სწორი მენეჯმენტის გამო განხორციელდა ეს ყველაფერი. ეს სწორი მენეჯმენტი აისახა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 60 ბავშვი იცხოვრებს და აქვე მიიღებს განათლებას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის პირველი შენობა სულ 108 ადამიანზეა გათვლილი. აქ მოზარდებისთვის მოწყობილია როგორც საძინებელი ოთახები, გასართობი კუთხე, სასადილო, სასწავლო აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზი და უსაფრთხოების ოთახი. რაც შეეხება ტერიტორიაზე არსებულ მეორე შენობას, მასში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები, სათავსოები, სანიტარული კვანძები და სამედიცინო კაბინეტები.

საფეხბურთო აკადემიის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება როგორც საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.

პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ლარს შეადგენს.

ტეგები