სოფიო ქაცარავა: ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას, ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2018 10:32
სოფიო ქაცარავა: ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას, ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა პოლონეთის სენატის ვიცე-მარშალს, საქართველო-პოლონეთის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა, სადაც განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებული „სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული მიმართულებები და ორი ქვეყნის დაახლოების პროცესში საპარლამენტო ურთიერთობების მნიშვნელობა.

საუბარი ასევე შეეხო ევროპის კონტინენტზე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის კონფლიქტებს და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს.

„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას, ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ევროპასთან კავშირების გამყარება კი გზას უხსნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ასევე, ახალი სამთავრობო პროგრამის დღის წესრიგზე.

შეხვედრისას, კიდევ ერთხელ გამოიხატა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.




 

ტეგები