რატი იონათამიშვილი და გიორგი ტუღუში ნორვეგიის სამეფოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2018 16:16
რატი იონათამიშვილი და გიორგი ტუღუში ნორვეგიის სამეფოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ

ნორვეგიის სამეფოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი დეპუტატები, რატი იონათამიშვილი და გიორგი ტუღუში, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში შეხვედრებს მართავენ.

ქართველმა კანონმდებლებმა ნორვეგიელ კოლეგებთან შეხვედრებისას ორი ქვეყნის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ, ასევე, გამოთქვეს სურვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნის თაობაზე, რომელიც ამჟამად ბაქოს რეგიონალური ოფისით ოპერირებს. შეხვედრებზე ხაზი გაესვა ნორვეგიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ნორდიკულ-ბალტიკური ქვეყნების რვიანის (NB8) ფარგლებში და ამ პროცესში ნორვეგიის პარლამენტის როლის გაძლიერებას. ქართულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა მასპინძელი მხარის ინიციატივა, 2015-2020 წ.წ. პერიოდში განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო პრიორიტეტული ქვეყნების სიაში შეეყვანათ.

შეხვედრების ერთ-ერთი თემა იყო 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარე პროცესი. დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს წინსვლა ადამიანის უფლებების, მედია პლურალიზმის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით.

საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დეოკუპაციის პოლიტიკას ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ვიზიტი ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მაია ყიფშიძის მხარდაჭერით ხორციელდება.

ტეგები