სოფიო ქაცარავა: მე იმ ქვეყნის პერსპექტივიდან ვსაუბრობ, რომლის მოქალაქეების 80% მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2018 19:36
სოფიო ქაცარავა: მე იმ ქვეყნის პერსპექტივიდან ვსაუბრობ, რომლის მოქალაქეების 80% მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელში მონაწილეობს, რომელიც ევროპის მთლიანობისა და თავისუფლების საკითხებს ეხება. სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა კოლეგებს, სადაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, როგორიცაა ტრანსატლანტიკური ერთობის ფორმირება.

„მე იმ ქვეყნის პერსპექტივიდან ვსაუბრობ, რომლის მოქალაქეების 80% მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. სწორედ, ესაა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ღერძი და ჩვენ ვიცით ეს გზა სად მიგვიყვანს. ერთიანი, თავისუფალი, სტაბილური და უსაფრთხო ევროპის მიღწევის წინაპირობაა ტრანსატლანტიკური ერთობა და სტაბილურობის გაძლიერება. ამისათვის ევროპა უნდა დარჩეს მისი ძირითადი პრინციპების ერთგული, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ევროკავშირის და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებას. საქართველოს კონფლიქტები უქმნის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და რეგიონის უსაფრთხოებას, არამედ რისკის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. ევროპა ორი უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას - ესენია ერთი მხრივ ტრადიციული კონფლიქტები ევროპაში და მეორე მხრივ, ჰიბრიდული საფრთხეები -დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ორივე ტიპის გამოწვევას ერთი წყარო აქვს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონფლიქტების მოგვარებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან, მათ შორის, დეზინფორმაციასთან გამკლავების გზებზე ისაუბრა, რაც ტრანსატლანტიკური ერთობის და ევროპის მდგრადობის გაძლიერებაზე გადის.​

ტეგები