10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, სერიოზულ ინციდენტს ადგილი არ ქონია - შსს
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 10:37
 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, სერიოზულ ინციდენტს  ადგილი არ ქონია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს  უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას. ჩვენი ამოცანაა საპრეზიდენტო  არჩევნების დღეს მშვიდი გარემოს შენარჩუნება, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს  საშუალება უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილენინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და  პოლიციის ინფორმაციით რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს  ადგილი არ ქონია.

"როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, რეგიონებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს  შესაქმნელად შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის  განმავლობაში უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. შინაგან
საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას  უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს  მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების
გადაადგილებას რეგიონებს შორის, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში  მშვიდი გარემო.

ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და ადგილობრივ არასამთავრობო  ორგანიზაციებთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე  თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე მიეწოდათ.

სიტუაციის ეფექტური მართვის მიზნით, ცენტრალიზებულ დონეზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია ადგილზე შექმნილ პოლიციის მობილურ ჯგუფებთან", - აღნიშნა ჯავახაძემ.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდენტს.

 

ტეგები