ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს - თამარ ჩუგოშვილი
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 17:34
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს - თამარ ჩუგოშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე  ზურაბიშვილი იმარჯვებს.

"ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს არჩევნების პირველ ტურში, თუმცა, კენჭისყრის დასრულებამდე დარჩენილია სამი საათი და ბუნებრივია, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე, ამიტომ, მოვუწოდებთ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ გამოცხადებულან საარჩევნო უბნებთან, მივიდნენ, ხმა მისცენ და დააფიქსირონ თავიანთი ნება.

არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპონენტები გეგმავენ დღის მეორე ნახევარში გარკვეულწილად ვითარების დაძაბვას.

უბნების ნაწილზე უკვე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, გავინეორებ, ესენია ბოლნისის 27-ე, მე-40, 43-ე და 54-ე უბნები. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში ხდება პირების მობილიზება იმისთვის, რომ გარკვეული დაძაბულობა იქნას შეტანილი საარჩევნო პროცესში.

მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჩვენს მიერ დასახელებულ ოლქებს, ასევე ვაფრთხილებთ ყველას, ვისაც პროცესში დაძაბულობის, ან კანონდარღვევის შეტანის რაიმე განზრახვა აქვს, რომ მათ მიმართ კანონი გამოყენებული იქნება სრული სიმკაცრით, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს უბნის ჩაშლის, თუ ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევის მცდელობა. ამიტომ, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან.

აქვე მინდა გამოვეხმაურო რუსთავი-2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჟენევაში მისულ ამომრჩეველს უბანი დახვდა დახურული. ეს არის სიცრუე, ეს არის არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან შვეიცარიაში ერთადერთი უბანი არის ბერნში და ჟენევაში საერთოდ არ არის საარჩევნო უბანი.

მოვუწოდებთ მედიას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, განზრახ ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას, რადგან ეს არის ძალიან მარტივად გადამოწმებადი არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეყავს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჟენევაში საარჩევნო უბანი საერთოდ არ არის და შესაბამისად, ის დახურული ვერ დახვდებოდა ვერავის", - განაცხადა  თამარ ჩუგოშვილმა.

ტეგები