„სამართლიან არჩევნებმა“ 48 საჩივარი საუბნო, ხოლო 43 საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2018 19:22
„სამართლიან არჩევნებმა“ 48 საჩივარი საუბნო, ხოლო 43 საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების ცნობით, კვლავ გრძელდება და მასშტაბური
ტენდენციის სახე აქვს პარტიული აქტივისტების თავშეყრას უბნებთან, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გამოცხადებას აღრიცხავენ. ძირითადად ამ მეთოდს „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყენებენ, თუმცა ცალკეულ ოლქებში დაფიქსირდა ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.

უშუალოდ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ადგილი აქვს ცალკეულ პროცედურულ დარღვევებს, რომელთა შორისაც შედარებით ხშირია ბიულეტენთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა.

ამ დროისთვის „სამართლიან არჩევნებს“ 48 საჩივარი წარდგენილი აქვს საუბნო კომისიებში, ხოლო 43 საოლქო საარჩევნო კომისიებში.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა
შემდეგი სახის დარღვევები:

ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა:

 #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #1, #30, #24, #25 და #26 საარჩევნო უბნებთან, #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #60 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“
კოორდინატორები სიებში აღრიცხავენ ამომრჩეველთა აქტივობას. ასევე, ყვარლის #1, #29, #19 და #20 უბნებზე კოორდინატორები აკეთებენ ამომრჩეველთა აღრიცხვას და პარალელურად ეწევიან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას.

 #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსებში მსხდომი აქტივისტების ფოტო-ვიდეო გადაღებისას, „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ვინმე გიორგი ჩხარტიშვილმა აგრესიული
ფორმით ჩხუბი დაუწყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს. სიტუაცია განმუხტა და აგრესიულად განწყობილი აქტივისტი განარიდა „ქართული ოცნების“ შტაბის წევრმა ბესიკ მელუამ. 

 „სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფი იმყოფებოდა სენაკის საარჩევნო ოლქის 17-მდე უბანში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დაფიქსირდა კოორდიანტორების მობილიზება როგორც მმრთველი პარტიიდან, ასევე „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობიდან“.

აგიტაცია უბანზე:

 #47 მესტიის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატი იყო გამოკრული, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ ჩამოხსნეს. დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა:

 #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #85 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შეეზღუდა ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება.

არაუფლებამოსილი პირები უბანზე:

 #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #85 საარჩევნო უბანზე ყოველგვარი შემოწმების გარეშე შემოდიან არაუფლებამოსილი პირები და ხელს უშლიან საარჩევნო პროცესს. ნაკადის მარეგულირებლის მიერ არ ხდება აღნიშნული პირების შემოწმება.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა:

 #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #53 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს კაბინაში შეყვა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „21-ე საუკუნის“ წარმომადგენელი. თავმჯდომარემ დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეაგირება მოახდინა.

ბიულეტენთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა:

 #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე ბიულეტენის კონვერტში მოთავსებისას ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ კონვერტში უკვე იდო შევსებული ბიულეტენი.

 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლმა კომისიის წევრებმა წაიღეს 12 ბიულეტენი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 9 ამომრჩეველმა. ნაცვლად 3 გამოუყენებელი ბიულეტენისა, კომისიის წევრებმა 2 ბიულეტენი დააბრუნეს და განაცხადეს, რომ ერთი დაეკარგათ.

 #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადაეცათ 9 ბიულეტენი. არჩევნებში მონაწილება მიიღო 64 ამომრჩეველმა. შესაბამისად, უბანზე უნდა მოეტანათ 3 გამოუყენებელი ბიულეტენი, მაგრამ მოიტანეს 2.

 #44 აბროლაურის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენი გასცა.

 #5 ისნის საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა ყუთში, მაშინ როდესაც კომისიის წევრები ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შეცვლით იყვნენ დაკავებულები.

 #30 კასპის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანსა და #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე მოათავსა ბიულეტენი ყუთში.

სხვის ნაცვლად ხმის მიცემა

 #32 გორის საარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი არ იყო სიაში, თუმცა თავმჯდომარის თანხმობით მას ხელი მოაწერიეს სხვა ამომრჩევლის ნცვლად და ამ გზით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა:
 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა პირადობის მოწმობის ასლით.

მარკირების გარეშე ხმის მიცემა:

 #67 ზუდიდის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე რეგისტრტორმა რამდენიმე ამომრჩეველს არ გაუკეთა მარკირება. საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

 #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიაში არ იყო მითითებული რომელი ამომრჩევლები აძლევდნენ ხმას გადასატანი ყუთით.

სიაში ხელმოწერებთან დაკავშირებული დარღვევები

 #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს გამორჩა სიაში ხელმოწერა, რაზეც დაიწერა ახსნა-განმარტება.

 #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ასევე გამორჩა ამომრჩევლის ხელმოწერა.


 #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბაზე და #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე მისულ ორ ამომრჩეველს მათი გრაფის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა.

ტეგები