საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2018 16:40
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდსა (IMF) და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს შორის დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ფონდის მისიის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი  პროგრამის მიმდინარეობა, 2018 წლის ფისკალური მაჩვენებლები, ქვეყანასა და რეგიონში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის თქმით, სტრუქტურული რეფორმების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. ფონდი მიიჩნევს, რომ რეფორმების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მესამე მიმოხილვის დასასრულებლად საჭირო კრიტერიუმების უმრავლესობა შესრულებულია. მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელისუფლებო რეფორმების გეგმის განუხრელი შესრულება უმნიშვნელოვანესია მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. როგორც მერსედეს ვერა მარტინმა მთავრობის მეთაურთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ამბიციური რეფორმების გეგმას.

„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პროგრამის მესამე მიმოხილვა წარმატებით დაასრულა. შეთანხმება მიმდინარე წლის დეკემბერში დასამტკიცებლად წარედგინება IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს. მიმოხილვის დასრულების შემდეგ კი, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება, დაახლოებით 41, 6 მლნ აშშ დოლარი. ჩვენი მიმოხილვის თანახმად, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია, ინკლუზიური და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის მთავრობას ნაკისრი აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები. ინფლაცია სამიზნე ორიენტირის ფარგლებშია. მაკროეკონომიკური პოლიტიკა მდგრადია და გონივრული. იმედი გვაქვს, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში მესამე მიმოხილვა ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ განვითარებას,“- აღნიშნა მერსედეს ვერა მარტინმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სავალუტო ფონდმა მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა.

„წარმატებით დასრულდა მესამე მიმოხილვა იმ პროგრამისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთად ახორციელებენ. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჩვენ შევთანხმდით ყველა ძირითად მაჩვენებელზე, რომლის საფუძველზეც მომდევნო წლისთვის დაიგეგმება ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია, ასევე, ბიუჯეტის პარამეტრები - იქნება ეს დეფიციტის მაჩვენებელი თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი. მართალია, მიმოხილვის შედეგად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზში უმნიშვნელო შერბილება არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, სავალუტო ფონდმა მაინც ძალიან მაღალი შეფასება მისცა მიმდინარე რეფორმებს.  მიუხედავად პოლიტიკური კონტექსტისა, ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ზუსტად ეს რეფორმები არის მყარი გარანტი იმისა, რომ საქართველო როგორც საშუალოვადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, იქნება რეგიონში ყველაზე მდგრადი ეკონომიკის ქვეყანა,“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც საქართველოში 17 ოქტომბრიდან იმყოფებოდა, მუშაობა დღეს დაასრულა.