ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2018 22:28
ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება

ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების – ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება.
 
საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ინფორმაციით, პირველი ნოემბრიდან დამთვალიერებელი გაეცნობა დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომებს, რომლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, კავკასიის ბუნება და ადამიანების ყოფაა ასახული. ასევე ფოტომასალას, რომელიც თბილისის სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის ისტორიული შენობის მშენებლობას აღწერს; წიგნებსა და ალბომებს საქართველოს ისტორიის, კავკასიის ცივილიზაციისა და არქეოლოგიის შესახებ.
 
მუზეუმისათვის გადაცემული პირადი არქივიდან დამთვალიერებელი ზუბალაშვილების გვარის ისტორიასთან და მათ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებსაც შეიტყობს. მასალები ზუბალაშვილების მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, გაზეთ „ივერიისა“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დაფინანსების შესახებ შემონახულ კორესპონდენციას აერთიანებს; ასევე მათ მიერ დაწესებული სტიპენდიების ნუსხას, რომელთა საშუალებითაც რუსეთსა და ევროპაში ისეთმა ახალგაზრდებმა მიიღეს განათლება, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე ჯანელიძე, სარგის კაკაბაძე, შალვა ამირეჯიბი, გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები.
 
უნიკალური არქივი მეცენატისა და კოლექციონერის – იაკობ (ჟაკ) ზუბალაშვილის რამდენიმე პირად ნივთს ინახავს. ასევე სპეციალურ გამოცემასაც, რომელიც მის მიერ საფრანგეთის მუზეუმებისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ ხელოვნების ნიმუშებს ეხება.
 
პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდეგ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები 2018 წლის ივნისში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს საჩუქრად.
 
საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ცნობით, უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილს, ვირჟინი ანლარს უკავშირდება, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მომავალში პროექტის ავტორის – ეკა ენუქიძის გაცნობის შემდეგ, სურვილი გამოთქვა, მის ოჯახში დაცული ზუბალაშვილი-ანლარის შტოს არქივი სამშობლოსთვის ეჩუქებინა.
 
ეროვნულ მუზეუმში რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, თითოეული ნივთი შესაბამის ფონდში ჩაირიცხა და საკოლექციო ნომერი მიენიჭა. ასევე მოხდა მათი გაციფრულებაც. სამომავლოდ კოლექციის სამეცნიერო შესწავლა და სარესტავრაციო სამუშაოებია დაგეგმილი.
 
მრეწველებად და მეცენატებად ცნობილი ზუბალაშვილების გვარი ისტორიულ დოკუმენტებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩანს. ზუბალაშვილების გვარს უკავშირდება მაშინდელი სახალხო სახლის – ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრის, უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და თბილისის მუსიკალური სკოლის – დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა. ასევე, თბილისში პირველი პედიატრიული საავადმყოფოს, მოხუცებისათვის უპოვართა სახლისა და კოჯრის გზაზე სასადილო – „სამადლოს“ გახსნაც. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პეტრე ზუბალაშვილმა თბილისის გამგეობას სამხედრო ლაზარეთისთვის ოჯახის კუთვნილი სასტუმრო „ლონდონი“ და 20 000 მანეთი გადასცა.
 
ზუბალაშვილების არქივის საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოტანა „თი-ბი-სი ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და Georgian Airways-ის თანამონაწილეობით განხორციელდა.
 
გამოფენა ეროვნულ მუზეუმში 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.