მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ამობეჭდვა · 31 / 10 / 2018 16:57
მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.კ. ერთი თვის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე თ.კ.-ზე, ხოლო 2018 წლის 19 აგვისტოს, გ.კ.-მ პირადი უთანხმოების ნიადაგზე, დაზარალებულს კეფის არეში მუშტი, ხოლო ხელის არეში საფერფლე დაარტყა.

სამართალდამცველებმა გ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ტეგები