მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების" 2019 წლის რეიტინგში საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა
ამობეჭდვა · 31 / 10 / 2018 19:03
მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების" 2019 წლის რეიტინგში საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა

მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების" 2019 წლის რეიტინგში საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და მე-6 ადგილი დაიკავა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა მიულოცა საზოგადოებას საქართველოს მიერ მირჭეული წარმატება და აღნიშნა, რომ ეს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ემსახურება.

"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო ბანკმა გაავრცელა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მინდა, ყველას მივულოცო საქართველოს წარმატება და მოგაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია, რომ მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის რეიტინგში, რომელიც გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო რეიტინგი, საქართველო დაწინაურდა და ჩვენ დავიკავეთ მე-6 პოზიცია, ეს გახლავთ მსოფლიო ბანკის მონაცემები.

ასეთი წინსვლა ნიშნავს ძალიან დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის მიმართულებით, ეს ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, წარმატებულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას ასეთ მნიშვნელოვან და მე ვიტყოდი, ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში.

რეიტინგების ყოველწლიურად გაუმჯობესება და საქართველოს დაწინაურება იმის წინაპირობაა, რომ ჩვენი ქვეყანა იქცევა უპირობო ლიდერად არა მარტო კავკასიის, არამედ უფრო ფართო რეგიონშიც ეკონომიკის და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველო უკვე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ქვეყანა და ამ მხრივ ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები. თქვენ იცით, თუ რა არის ჩვენი მთავრობის ხედვა - საქართველო უახლოეს წლებში უნდა იყოს ყველა საერთაშორისო რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში. დღევანდელი მონაცემიც ამაზე მეტყველებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველო კიდევ უფო მეტად დავაწინაუროთ.

ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ საქართველო უფრო ეფექტურად ინტეგრირდეს მსოფლიო ეკონომიკაში. საჭიროა, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ლიდერი და ეკონომიკური ცენტრი. სხვაგვარად ჩვენ გაგვიჭირდება იმ ეკონომიკური გამოწვევების დამარცხება რომლის წინაშეც ვართ.

აქვე მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა კოლეგას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში. მადლობა მინდა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს, მადლობა ჩვენს კოლეგებს იუსტიციის სამინისტროდან და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს მეგობრებს მსოფლიო ბანკიდან. სწორედ, ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად მივიღეთ ეს უნიკალური წარმატება.

დარწმუნებული ვარ, ამ მონაცემებს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სულ მალე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო სასამართლო წარმოდგენილი იქნება საქართველოში, ამ ნაბიჯით ჩვენ რეალობად ვაქცევთ საქართველოს ბიზნეს- და საარბიტრაჟო რეგიონულ ჰაბად ტრანსფორმირების პროექტს. ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ „მსოფლიო ბანკთან“ და ჩვენ უკვე ჩავერთეთ ადამიანური რესურსები განვითარების პროექტში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდული რესურსის სწორად გამოყენებისთვის. მოგეხსენებათ, რომ სწორედ, განათლების რეფორმა იქნება შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენს დღის წესრიგში. დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ ისეთ წარმატებას, როგორ წარმატებაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ.

ჩვენ გვაქვს საქართველოში ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა, თუმცა ყველაზე მთავარი გახლავთ სიღარიბე. საბოლოო ჯამში სწორედ ასეთი წარმატებები დაგვეხმარება, საქართველო ეკონომიკურად გავაძლიეროთ, გავხადოთ რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რაც წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა, მამუკა ბახტაძემ.

ტეგები