ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქდა
ამობეჭდვა · 05 / 11 / 2018 15:59
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქდა

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეში, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქდა.

პროკურატურა მორჩაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებოდა, რაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, თუმცა ბრალი გადაკვალიფიცირდა და დღეიდან ბრალდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით შეიცვალა. ამ მუხლის პირველი ნაწილი უბრალოდ მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, რათა მან ცრუ ჩვენება ან ინფორმაცია მისცეს.

პროკურორ ბესიკ ქვარცხავას თქმით, გამოკვლეული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა მოწმეს თანხა ნამდვილად გადასცა, თუმცა ამის მიზანი მოსყიდვა არ ყოფილა.

2 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მორჩაძემ კალანდიების ოჯახისთვის თანხის გადაცემა დაადასტურა, თუმცა ამბობს, რომ თანხა არა მოწმის მოსყიდვის, არამედ ოჯახის დასახმარებლად იყო განკუთვნილი.

მანამდე სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულმა ლუკა კალანდიამ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მერაბ მორჩაძე 8 ივნისს დააკავეს. 

ტეგები