ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვაზე სასჯელი 2019 წლიდან გამკაცრდება
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2018 14:37
ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვაზე სასჯელი 2019 წლიდან გამკაცრდება

ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მანქანის მართვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2019 წლის აპრილიდან დაწესდება. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თქვა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ბესელიას განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექს ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის წესით დაისჯება - ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით.

ეკა ბესელიას თქმით, 2019 წლის აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის ასამოქმედებლად საჭირო ღონისძიებებს გაატარებს და მოემზადება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ სანქციებზე მესამე მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

მთავრობის მიერ პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე ინფორმაცია გასულ კვირას გახდა ცნობილი.

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანის კანაფის შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.

ტეგები