სათხის ეკლესიის კანკელის 8 ფრაგმენტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2018 16:07
სათხის ეკლესიის კანკელის 8 ფრაგმენტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა

სათხის ეკლესიის კანკელის ამ დრომდე მიუკვლეველ ფრაგმენტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს ეროვნული მუზეუმს გადასცემს. 8 ფრაგმენტი, რომელიც სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, დღეიდან შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში დაცულ ექსპონატებს შეემატება და დროთა განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ XX საუკუნის დასაწყისში ბოლნისიდან თბილისში ჩამოტანილ კანკელთან კონსოლიდირდება.

ქვის ორნამენტიანი ნატეხები სათხის კანკელის ზედა მარჯვენა ნაწილის ფრაგმენტებია, რომელზეც ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. პატარა წარწერიან ფრაგმენტზე მითითებული ქორონიკონი (1171 წ.) საზღვრავს და საბოლოოდ აზუსტებს ქვემო ქართლის ეკლესიებისა და მათი კანკელების მთელი ჯგუფის ქრონოლოგიას და გვაუწყებს, რომ ამ ეკლესიათა წარწერებში მოხსენიებული მეფე გიორგი, რომელსაც აქამდე მეფე გიორგი-ლაშასთან იყო გაიგივებული, სინამდვილეში მეფე გიორგი მესამეა.

ახლადმიკვლეული ფრაგმენტის ხელოვნების მუზეუმში დაცულ კანკელთან იდენტიფიცირება ხელოვნებათმცოდნეების - გიორგი გაგოშიძისა და თამაზ გოგოლაძის მიერ განხორციელდა, რომლებიც ამ დასკვნამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მივიდნენ. კანკელის ახლადაღმოჩენილ ფრაგმენტზე იკითხება შემდეგი ტექსტი: "[ქ](რონი)კ(ო)ნი იყო ტჟა (1171 წ.)" ფრაგმენტის ტექსტი თამაზ გოგოლაძემ წაიკითხა, ხოლო მასზე მითითებული თარიღი კი ხელოვნებათმცდონე თემურ ჯოჯუას მიერ დაზუსტდა.

* სათხეს სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ერთობლივი ინიციატვით მე-5 თვეა მიმდინარეობს. პროექტი სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „RMG GOLD“-ის დაფინანსებით მიმდინარეობს და ის საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია „RMG“-ს შორის გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. სათხეს სამონასტრო კომპლექსთან ერთად, 2017 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის 4 წლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს.

არქიტექტორ-რესტავრატორ გოგოთურ მისრიაშვილის საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე V-X სააუკუნეებისდროინდელი ტაძარი ისტორიულ სახეს აღიდგენს. საველე-არქეოლოგიურ სამუშაოები არქეოლოგების ლალი ახალაიასა და გურამ ყიფიანის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. სამონასტრო კომპლექსზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი კომპანია „ბაგინეთი +“ ახორციელებს.

ტეგები