იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 06 / 11 / 2018 16:30
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლების ცვლილებას. ასევე, არეგულირებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, ივლიანე წულაიამ სხდომის მონაწილეებს პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები გააცნო.

კერძოდ:

· იმისთვის, რომ უცხოელმა ერთწლიანი ბინადრობის მოწმობა აიღოს, უნდა შეიძინოს უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში, ნაცვლად 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტისა;

· უცხოელს შრომითი ბინადრობის ნებართვის აღება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე. ასევე, განისაზღვრება მინიმალური ანაზღაურება თითოეული დასაქმებულისთვის და თუ შეწყდა შრომითი ურთიერთობა, კომპანიამ აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს იმისთვის, რომ გაუქმდეს შრომის ბინადრობის ნებართვა;

· საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, თუ მან საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ნაცვლად 300 000 ლარისა;

· მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღების მსურველ უცხოელზე ასეთი ნებართვა თავიდან მხოლოდ 5 წლის ვადით გაიცემა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ყოველწლიურად წარმოადგენს 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ბრუნვის დამადასტურებელ დოკუმენტს;

· საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელსაც 5 წლის განმავლობაში უდასტურდება ყოველწლიური არანაკლებ 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ბრუნვა და ამავე დროს, შენარჩუნებული აქვს 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტირება, შეეძლება აიღოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს ორგანული კანონის პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს მარიხუანას მოხმარების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.

ახლებურად ხდება მარიხუანას მოხმარებისთვის სანქციების დადგენა და შესაბამისი აკრძალვების დაწესება თუ რა ვითარებაში და სად შეიძლება ჩაითვალოს მოხმარება პირად სივრცეში მოხმარებად და სად არა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებული სასჯელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან გადადის სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა მეორე მოსმენის დროს გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ ორივე კოდექსის შესაბამისი მუხლები ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

„2019 წლის იანვარში ტესტების შესყიდვის პროცედურები დასრულდება. ამიტომ, ორივე კანონის შესაბამისი მუხლები ამოქმედდება 2019 წლის 1 აპრილიდან, რაც პრაქტიკაში თავიდან აგვაცილებს შესაძლო გართულებებს“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტმა, ასევე მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. წარმოდგენილი ცვლილებებით გათვალისწინებულია შემაკავებელი/დამცავი ორდერების მოთხოვნათა შეუსრულებლობის პირველი შემთხვევისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება, ასევე სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრება და დამამძიმებელი გარემოებების განსაზღვრა გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებისთვის. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ტეგები