არჩილ თალაკვაძე საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2018 18:17
არჩილ თალაკვაძე საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს, როგორც  საქართველოს პარლამენტის საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სამუშაო შეხვედრა ჰქონდა  საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩთან ვახტანგ ჯაოშვილთან.

შეხვედრაზე, ძირითადად,  ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებზე, საპარლამენტო კავშირების გაღრმავებასა და გააქტიურებაზე ისაუბრეს.

„განვიხილეთ ის მიმართულებები, რომლებიც ორივე მხარისათვის შესაძლოა საინტერესო იყოს. პირველ რიგში, ეს არის საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელიც სავარაუდოდ, იანვარში შედგება.

ვისაუბრეთ ასევე, იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება ინვესტიციებს და საქართველოს ეკონომიკაში საუდის არაბეთის მხრიდან დაინტერესებას, მათ შორის ესაა ტურიზმი, სადაც ასევე, გვაქვს მზარდი მაჩვენებელი საუდის არაბეთიდან.  ყურადღება დავუთმეთ საუდის არაბეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხებში მხარდაჭერას, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მათი პოზიცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის არის მნიშვნელოვანი იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთა მხარდაჭერაც თუნდაც არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, სამომავლოდ იგეგმება აქტიური თანამშრომლობა . „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, ურთიერთობები  გაღრმავდეს და ამ მეგობრობით საბოლოო ჯამში, როგორც საქართველომ, ასევე საუდის არაბეთმაც კონკრეტული შედეგები მიიღოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.