ნიკა გვარამიამ დაჩი ცაგურიაზე საუბრისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2018 11:14
ნიკა გვარამიამ დაჩი ცაგურიაზე საუბრისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მის წინააღმდეგ ქარტიას დაჩი ცაგურიამ მიმართა.

სადავო გახდა 4 ნოემბერს გადაცემის მსვლელობისას ნიკა გვარამიას მიერ დაჩი ცაგურიას შესახებ საუბრის ეპიზოდი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გვარამიამ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. მისი თქმით, ასევე დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

საბჭოს სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

წყარო: ipress.ge

ტეგები