მეორე ტურში ხმის მიცემა იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, ვისაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2018 12:42
მეორე ტურში ხმის მიცემა იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, ვისაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, ვისაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ. შესაბამისი დადგენილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოსცა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ევალება, გადასცეს ცესკო-ს მონაცემები იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც 18 წელი მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ. აღნიშნულ მონაცემებს ცესკო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ მიიღებს.

ამასთან, სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა წარადგინოს მონაცემები 11 ნოემბრის ჩათვლით გარდაცვლილ პირთა შესახებ. ასევე, ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია, ან შეეცვალათ რეგისტრაციის მისამართი.

ცესკო-ს დადგენილებით, მეორე ტურამდე გრძელდება სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია და მედია ორგანიზაციების აკრედიტაციაც. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მათ დამკვირვებელთა და მედიის წარმომადგენელთა დამატებითი სიების წარდგენაც შეეძლებათ.

ტეგები