ეკა ბესელიამ საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2018 18:19
ეკა ბესელიამ საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ეკა ბესელიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა სტრასბურგში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში“ იმართება.



„დღევანდელი ღონისძიება გაგრძელებაა იმ ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ევროპის საბჭოსთან. მისი მიზანია ფორუმის შექმნა ღია მსჯელობისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესების თემაზე და ამ პროცესზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების საკითხებზე“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.



მისი განცხადებით, ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით აღნიშნული მიმართულებით საქართველომ მთელი რიგი ეტაპები უკვე გაიარა.



„2016 წელს ჩვენ მივიღეთ ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლითაც დავნერგეთ საპარლამენტო კონტროლი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის ძალიან ღირებული რჩევები, რომლებიც ექსპერტებისგან მივიღეთ ამ რეფორმის მომზადების პროცესში.



სწორედ ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად შევიმუშავეთ ჩვენ ყველა ეს დამატება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და განვსაზღვრეთ პასუხისმგებელი საპარლამენტო ორგანოები და პროცედურები. ამ ცვლილებებზე მუშაობის პროცესში საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად ჩავრთეთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და პროცესი გავხადეთ ინკლუზიური“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მექანიზმი დაინერგა პრაქტიკაშიც და საკანონმდებლო ორგანო უკვე ორი წელია ისმენს მთავრობის ანგარიშებს და ტარდება საპარლამენტო მოსმენები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თემაზე.



„მიხარია, რომ დღეს უკვე ჩვენი გამოცდილება შეგვიძლია გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს. შეგვიძლია გიამბოთ ჩვენი მიღწევების შესახებ და ასევე, მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოწვევები, გაგაცნოთ ჩვენი მოსაზრებები როგორ გავუმკლავდით მათ და რა ახალი მიდგომები დავნერგეთ“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.



პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, ერთ-ერთი ასეთი მიდგომაა საკომიტეტო მოსმენების შემდეგ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგი, რაც პერიოდულად ხორციელდება.



„არ ვიცდით ყოველწლიური მოსმენიდან შემდეგი წლის მოსმენამდე და პროაქტიულად ვითხოვთ ინფორმაციას ჩვენი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესის გაძლიერებას ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.



როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღონისძიების მონაწილეების მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებზე და ასევე, ევროპის საბჭოს მხარდაჭერა.



„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ ღონისძიების თითოეული მონაწილის ხედვები პარლამენტის საქმიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის ნაწილში. ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი არასოდეს არის დამაკმაყოფილებელი და მუდმივად საჭიროებს ინტენსიურ მუშაობას მის გაზრდაზე. ამიტომ, ის მხარდაჭერა, რომელსაც ამ პროცესში ვგრძნობთ ევროპის საბჭოსგან, განსაკუთრებით ღირებული და ფასდაუდებელია“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.



კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა კრისტოს გიაკუმოპულოსმა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა.



ორდღიან კონფერენციაში, რომელიც ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ორგანიზებით იმართება, მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე.



ხვალ, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ საქართველოს პარლამენტის რეფორმას, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის სტრუქტურირებული და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.

ტეგები