ბადრი ბიწაძე სასამართლოში დაიკითხა
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2018 20:11
ბადრი ბიწაძე სასამართლოში დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის სასამართლო დავის განხილვა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდა. მან განმარტა, თუ რა დამსახურების გამო მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ბიწაძის თქმით, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სასაზღვრო პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა. სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ასევე გაიხსენა, რატომ ჩაურიცხეს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებს პრემიები. როგორც ბიწაძემ განმარტა, ეს დაკავშირებული იყო საზღვრის რთული პერიმეტრების დაცვასთან.

„ლეიტენანტის წოდება არ ვიცი, როდის მიიღო. მგონი, ჩვენთან მიიღო... კაპიტნობაზე წარვადგინეთ, მინისტრთან მე შევედი ამ პატაკით, რადგან ის განსაკუთრებით გამოირჩეოდა რეფორმაში უცხოელ პარტნიორებთან მუშაობით. მივიღეთ გადაწყვეტილება, ცოტა აგვემაღლებინა თანამდებობა... აღმოსავლეთ ევროპაში 15-მა ქვეყანამ აღიარა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე წარმატებული რეფორმა ჩატარდა სასაზღვრო სფეროში და მას ხელმძღვანელობდა ქალბატონი ეკა გიგაური...

რაც შეეხება პრემიებს, მათ ეს პრემიები ჩაერიცხათ იმიტომ, რომ ეს სპეცრაზმელები საკმაოდ მძიმე პირობებში და რთულ რელიეფზე იცავდნენ საქართველოს საზღვარს და ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, წაგვეხალისებინა ეს პირები“, - განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

დღესვე დაიკითხა სასაზღვრო პოლიციის კადრების განყოფილების ყოფილი უფროსიც, რომელმაც ტექნიკურ საკით​ხებზე ისაუბრა, როგორ და რა ფორმით მიიღებოდა გადაწყვეტილება პრემიების გაცემის თაობაზე.

გოგა ხაინდრავა ვანო მერაბიშვილის დაკითხვასაც ითხოვდა, თუმცა მერაბიშვილმა პროცესზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

სასამართლო სხდომას კვლავ არ ესწრებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, გიგაურის სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობა არ დგას, რადგან მის ინტერესებს ადვოკატები დაიცავენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა გიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება. ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა კი აცხადებს, რომ აქვს ბრძანება, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ასევე, ის ირწმუნება, რომ კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციაში დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები კი პრემიით დაჯილდოვდნენ.

წყარო: პრაიმტაიმი

ტეგები