„ეს იმ მოღალატეობრივი ქმედებების გამოძახილია, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩაიდინა“ - გია ვოლსკი
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2018 20:44
„ეს იმ მოღალატეობრივი ქმედებების გამოძახილია, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩაიდინა“ - გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ატოცში საოკუპაციო ხაზის გავლების მცდელობა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმის გამოძახილია და მათ სწორედ ამის გადასაფარად დაგეგმეს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ პროვოკაცია. ამის შესახებ ვოლსკიმ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს, ჩემს კოლეგა კობა კობალაძესთან და სხვა ვეტერან მეომრებთან ერთად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ვახლდი, სადაც საოკუპაციო ძალები კიდევ ერთ მონაკვეთზე ავლებენ გამყოფ ხაზს. ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა.

მეტიც, სწორედ მათ გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი, უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით.

ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა - სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს.

ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ არასდროს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. ვფიქრობ, საზოგადოება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამის დასკვნებს გააკეთებს!“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ტეგები