საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა 30000 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის დაწყების საკითხს
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2018 13:43
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა 30000 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის დაწყების საკითხს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების გადამოწმების შედეგების შესახებ იმსჯელა.

კომიტეტის აპარატის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობა ორი კვირის განმავლობაში მოწმდებოდა, რის შედეგადაც 35 000 ხელმოწერიდან 30 130 ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა. შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ინიციატივას მიეცეს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურებით გათვალისწინებული მსვლელობა.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს.

კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების - გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“.

წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო გერბის, დროშისა და ჰიმნის გამოყენების წესები, რაც ცალკე საკანონმდებლო აქტით, კერძოდ, „სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება.

სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების, გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების მინიჭების წესი შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით განსაზღვრულ რეგულაციასთან, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს ანიჭებს კანონით დადგენილი წესით.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით წარმოდგენილ კანონპროექტებში მეორე მოსმენის შემდეგ რედაქციული ცვლილება არ განხორციელებულა, დოკუმენტები წარმოდგენილია იმავე რედაქციით, როგორც იყო მეორე მოსმენისას.

კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას.
 

ტეგები