ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში საქართველოს პარლამენტის როლთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2018 16:05
ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში საქართველოს პარლამენტის როლთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

სტრასბურგში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ეკა ბესელია მოხსენებით წარსდგა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის რეფორმაზე, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის სტრუქტურირებული და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.

„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული პარლამენტები მუდმივად იყვნენ საქმის კურსში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ და ინტენსიურად ისმენდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს 2014 და 2015 წლის რეკომენდაციებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა ეროვნული პარლამენტების როლის გაძლიერების აუცილებლობა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში, ერთი მხრივ, საპარლამენტო ანგარიშგების მექანიზმების გაძლიერების, ხოლო, მეორეს მხრივ, სამოქმედო გეგმებისა და ანგარიშების დროულად წარდგენის გზით.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროექტს, რომელიც დავიწყეთ ევროპის საბჭოსთან ერთად, ბატონ მანჩინის მენეჯერობით. ამ პროექტის ფარგლებში მოვამზადეთ ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეს ცვლილებები, რაც გამოიხატება შემდეგში:

საქართველოს მთავრობა პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, წარუდგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ ანგარიშს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც წინა წელს მიღებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია, ასევე სამოქმედო გეგმას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხს. ჩვენ გავაჩინეთ ცალკე საკანონმდებლო ჩანაწერი, სადაც შევქმენით პროცესის ინკლუზიურობის გარანტია. კერძოდ, საკითხების საკომიტეტო განხილვისთვის მომზადების მიზნით წამყვანი კომიტეტი ეცნობა დაინტერესებული პირის/პირების მოსაზრებებსა და შეფასებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

ჩვენ უკვე ორჯერ განვიხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანგარიში, 2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე და 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, განხილვა არ სრულდება ანგარიშის მოსმენითა და რეკომენდაციების გაცემით, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მთავრობას ეგზავნება წერილობითი მიმართვა ამ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით და ხდება მთავრობის მოწვევა კომიტეტის სხდომაზე, სადაც იმართება რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მოსმენა და განხილვა.

„მიდგომა, რომელიც საქართველოში დავნერგეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. მონიტორინგი რეკომენდაციების შესრულებაზე უნდა იყოს ამ პროცესის აუცილებელი კომპონენტი. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს.

აღნიშნული საპარლამენტო მექანიზმის დანერგვის შედეგად გვაქვს ხელშესახები შედეგები: არსებითად გაიზარდა საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულება; გაძლიერდა საქართველოს პარლამენტის, როგორც საზედამხედველო ორგანოს როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესში და შემცირდა საქართველოს აღუსრულებელი გადაწყვეტილებების რიცხვი“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ ღონისძიების მონაწილეებს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია აღსრულების მდგომარეობის შესახებ საქართველოში და იქვე აღნიშნა, რომ ევროპულ სასამართლოში ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოს მიმართ წარდგენილი საჩივრების მკვეთრი კლების ტენდენცია.

„პროცესმა, რომელიც მე აღვწერე, ჩვენ უნდა მიგვიყვანოს ხელშესახებ შედეგებამდე, რასაც ჩვენი მოქალაქეები იგრძნობენ თავიანთი უფლებების რეალიზებისას და თავისუფლებებით სარგებლობისას, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დანერგილი საპარლამენტო კონტროლის სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებით, არამედ ის ითვალისწინებს საპარლამენტო ზედამხედველობას გაეროს სადამფუძნებლო ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობაზე, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფორმატში მთავრობის მონაწილეობაზე და სხვ.
 

ტეგები