სმითების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა - პროკურატურა
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2018 18:17
სმითების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა - პროკურატურა

2018 წლის ივლისში, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში ტურისტების, რაიან მაიკლ სმითის, ლორა ჯოი სმითის და მათი 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმითის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა. ინფორმაციას მთავარ პროკურატურა ავრცელებს.

„გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმითის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

დღემდე, მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმითისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმითის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

შესაბამისად, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმითის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - ავრცელებს პროკურატურა.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. 

ტეგები