„11 თვეა გარეთ ვდგავართ და დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვდომოდა, აქამდე მოვაწყობდით“ - ზაზა სარალიძე შს მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა
ამობეჭდვა · 11 / 11 / 2018 15:34
„11 თვეა გარეთ ვდგავართ და დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვდომოდა, აქამდე მოვაწყობდით“ - ზაზა სარალიძე შს მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა

11 თვეა გარეთ ვდგავართ და დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვდომოდა, აქამდე მოვაწყობდით, – ასე უპასუხა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას.

„ჯერ ერთი, აქ ორი ადამიანი ვდგავართ – მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, ყველა შვილმოკლული მშობელი ჩვენს გვერდით არის, ვინც სამართალს ეძებს; მეორე – 11 თვეა გარეთ ვდგავართ და დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვდომოდა, აქამდე მოვაწყობდით, არ დაველოდებოდით ამ ნაძირალა ხელისუფლებას ამ საქმეების გაყალბებაში; მესამე – საპატრულო პოლიციის უფროსმა განაცხადა, რაღაც საშიში ნივთები შეიძლება აღმოჩნდეს კარვებშიო, შეიძლება მაგის კაბინეტში ახლა იდოს ატომური ბომბი, წავიდეთ და დავაკავოთ? შეიძლებაზე ავაგოთ ყველაფერი? გახარიას კაბინეტში შეიძლება ბომბი დევს, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას ქვეყანაში, გამორიცხავს ვინმე? როგორც თვითონ არ გამორიცხავენ, ისე არ გამოვრიცხავთ ჩვენც. ცოტა ტვინი დაატანონ და ასეთი განაცხადების მაგივრად, ადგნენ და ჩვენი შვილების მკვლელები მისცენ პასუხისგებაში, ჩვენ თუ დაგვინახავენ აქ კიდე, მერე ილაპარაკონ რაც უნდათ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ სამართალდამცველებს ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ. ამასთან, აღნიშნა, რომ პოლიცია ამ პირობებშიც შეასრულებს თავის ფუნქციას, უზრუნველყოს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება.

ტეგები