ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილება შევიდა
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2018 11:30
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილება შევიდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილება შევიდა. შესაბამისად, 2019 წელს აბიტურიენტებს შეცვლილ ტესტებს შესთავაზებენ. კერძოდ, ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა:

ტესტში იქნება მხოლოდ სამი დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). შესაბამისად, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15 ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70 ქულიანი და არა 80 ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო.

ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

უცხოური ენების გამოცდა:

ტესტიდან ამოღებულია ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო;
შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

ლიტერატურის გამოცდა:

ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40 ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30 ნაცვლად 25-ისა.
საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70 და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო;
ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად ნახევარი საათით შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც – 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.

გეოგრაფიის გამოცდა:

ტესტში გაიზრდება ე.წ. ხვედრითი წილი ღია დავალებებისა, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე;

შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4 ქულიანი ღია დავალებების ბლოკი;

ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი; ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა;

2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილების აუცილებლობა განაპირობა წინა წლების ტესტების ანალიზისა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვის შედეგებმა, რომლებმაც აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

ტეგები