საქართველო აღიარებულია, როგორც მთავარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვის - თამარ ხულორდავა
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2018 15:22
საქართველო აღიარებულია, როგორც მთავარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვის - თამარ ხულორდავა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, ევროპარლამენტის ანგარიშში საქართველო აღიარებულია, როგორც მთავარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვის 

"ძალიან მნიშვნელოვანია ის ანგარიში, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს და დებატები, რომელიც ამ პროცესს მოჰყვება. ანგარიში პოზიტიურად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებას. აქ არის ძალიან დადებითი შეფასებები საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობაზე. საქართველო აღიარებულია, როგორც მთავარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვის ჩვენს რეგიონში. ამ სტატუსის მოპოვებას ხელი შეუწყო სწორედ იმან, რომ საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ყველა იმ საერთო პრიორიტეტს, რომელიც ჩვენ ერთად დავსახეთ. ძალიან ბევრ თემაზეა საუბარი, რადგან ასოცირების ხელშეკრულება ფართო დოკუმენტია და ყველა საკითხს შეეხება.

საუბარია დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკური თვალსაზრისით მიღწეულ წინსვლაზე, ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საკანომდებლო სივრცის განახლებაზე, რომლითაც ყოველდღიურად ჩვენ უფრო ვუახლოვდებით ევროკავშირს. ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში და ძალიან რთულ პროცესში.

რეფორმები მიმდინარეობს და მთავარია ის, რომ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს პროგრესი. შევხედოთ დინამიკას და განვითარება, წინსვლა სახეზეა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა, ეს არ იძლება თვითკმაყოფილების საფუძველს და ჩვენ არ ვამბობთ, რომ რეფორმების პროცესი დასრულებულია და საქართველო ყველა მოთხოვნაა სათანადოდ პასუხობს. ძალიან მომთხოვნები ვართ ჩვენი თავის მიმართ და ძალიან ბევრი ნაბიჯია მომავალში გადასადგმელი. ეს შეეხება მართლმსაჯულების სისტემას და რეფორმების ბოლომდე მიყვანას, კორუფციასთან მიმართებაში გარკვეულ დამატებით ნაბიჯებს, რომლისჯენაც მოგვიწოდებს ევროპარლამენტი და ჩვენ უნდა აუცილებლად ამაზე ვიმსჯელოთ, შრომის უფლებების დაცვაზე და არსებობს გარკვეული რეკომენდაციები. ჩვენ ამ რეკომენდაციბს ვასრულებთ. ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში მოწოდების სახითაა ასახული, ამაზე უკვე მუშაობა ჩვენ დაწყებული გვაქვს და ზოგიეთი კანონპროექტი ინიცირებულია პარლამენტში და განხილვა მიმდინარეობს. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი.

ჩვენ ევროპარლამენტის რეკომენდაციებს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ და ვუდგებით. არის გარკვეული პოლიტიკური ტონალობები ამ რეკომედაციებში, რადგან ევროპარლამენტი არის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება და მისი რეკომენდაციებიც გამომდინარეობს ამ პოლიტიკური პრეფერენციებიდან. ობიექტური ჭეშმარიტების საზომი შეიძლება ეს არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკური ჯგუფების შეთანხმების, შეჯერების, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციების მოძიების შედეგად ისინი მივიდნენ ამ საერთო დასკვნამდე და შეხედულებამდე, რომელიც აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ პროცესი სწრაფად და ეფექტურად წავიყვანოთ წინ", - განაცხადა ხულორდავამ.