ტაქსისტებს შორის მგზავრებზე დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა - განჩინება
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2018 16:22
ტაქსისტებს შორის მგზავრებზე დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა - განჩინება

2016 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსისტებს შორის კონკურენციის გამო დაწყებული კონფლიქტი ერთ-ერთის მკვლელობით დასრულდა.

კერძო ტაქსის მძღოლი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ევროპის ქუჩაზე საკუთარი ავტომობილით სხვა ტაქსისტებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ამ შემთხვევიდან ორ წელზე მეტია გასული, ხოლო საბოლოო განაჩენი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გამოიტანა. უზენაესმა დაცვის მხარის სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია და სააპელაციოს განაჩენი გაიზიარა.

ნეტგაზეთმა აღნიშნულ საქმეზე ნახა უზენაესი სასამართლო განჩინება, რომლის მიხედვითაც, განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ ტაქსის მძღოლს (ნ.ვ.) 10 წლით პატიმრობა მიესაჯა.

როგორც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ირკვევა, 2016 წლის 11 ივნისს, გამთენიისას, ევროპის ქუჩაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მგზავრთა მომსახურების მიზნით, კუთვნილი ავტომობილებით იმყოფებოდნენ ტაქსის მძღოლები – ა.თ., ზ.ჯ., კ.კ., ნ.ვ. და ამ უკანასკნელის შვილი გ.ვ. ხსენებული პირები მიიჩნევდნენ, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე მყოფი მგზავრები თვითონ უნდა გადაეყვანათ და ხელს უშლიდნენ სხვა ტაქსის მძღოლებს მგზავრთა მომსახურებაში.

იმავე დღეს, დაახლოებით 04:30 საათზე, კერძო ტაქსის მძღოლმა ვ.გ-მ თავისი “ფოლკსვაგენ გოლფის” მოდელის ავტომანქანით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიიყვანა მგზავრი.

ე.წ. ადგილობრივმა ტაქსის მძღოლებმა ზ.ჯ-მ და კ.კ-მ აეროპორტში მისულ კერძო ტაქსის მძღოლ ვ.გ-ს აეროპორტის ტერიტორიაზე მგზავრთა მომსახურება აუკრძალეს, რის გამოც მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო ნ.ვ., რომელიც იქვე თავისი “მერსედესის” მარკის ავტომანქანით ნელი სვლით გადაადგილდებოდა. ამავდროულად, კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა ა.თ-სა და გ.ვ-სთვის.

 

 

იხილეთ ვრცლად