2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაზრდილია - ირაკლი კოვზანაძე
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2018 22:31
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაზრდილია - ირაკლი კოვზანაძე

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მთლიანი ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვან ფინანსურ ხელშეწყობას, კაპიტალური პროექტების, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების გაზრდილ დაფინანსებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 12 მილიარდ 997,6 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 538 მილიონი ლარით მეტია. „დაახლოებით, 13-მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.5 მილიარდი ლარი მომავალ წელს მიმართული იქნება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლების სფეროების დაფინანსებაზე, მათი წილი კი ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით, 47%-ს აჭარბებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წელს 3 მილიარდ 937 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%-ია.

„აქედან 1 მილიარდ 925 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისთვის, რომელიც მოიცავს 20-ლარიან მატებას. ასევე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 70 მილიონი ლარია გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. 50-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან 144 ათასამდე ბავშვი პირველი იანვრიდან მიიღებს. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი ასიგნებები 1 მილიარდ 44,6 მილიონ ლარს აღწევს. მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის 754 მილიონი ლარია განსაზღვრული“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ სახელმწიფოსგან გაისად ყველაზე დიდ დაფინანსებას - 1 მილიარდ 965 მილიონი ლარს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიიღებს. მისივე თქმით, აქედან 1 მილიარდ 377 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

„2019 წლის ბიუჯეტში გვაქვს ბევრი საინტერესო სიახლე: მაგალითად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომელიც 280 მილიონი ლარით განისაზღვრება. მის ფარგლებში, მთავრობის ინიციატივით, იქმნება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, საიდანაც საქართველოს თითოეული სოფელი მიიღებს ფინანსურ რესურსს გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად; ასევე, ბიზნესის სტიმულირებისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარით საგარანტიო ფონდის დაფინანსება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.