არჩილ თალაკვაძე: არსებობს ძალიან მკაფიო ცალსახა პასუხები ოპოზიციის კითხვაზე, თუ სად დავხარჯეთ ორჯერ მეტი ბიუჯეტი
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 16:45
არჩილ თალაკვაძე: არსებობს ძალიან მკაფიო ცალსახა პასუხები ოპოზიციის კითხვაზე, თუ სად დავხარჯეთ ორჯერ მეტი ბიუჯეტი

„ვუპასუხებ ოპოზიციის კითხვას, თუ სად დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის შემდეგ ის ბიუჯეტი, რომელიც ყოველ წელს მტკიცებოდა და სად დახარჯეთ თქვენ - ამაზე არსებობს ძალიან ცალსახა მკაფიო პასუხები“,- ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საპარლამენტო ოპოზიციას.

„2012 წელს ხელისუფლებამ განათლებაში დახარჯა 626,8 მილიონი ლარი - ეს თქვენ როცა იყავით ხელისუფლებაში. ოღონდ რაღაც ავადსახსენებელ წლებს კი არ გახსენებთ, როგორც თქვენ გიყვართ, რიცხვებითვე გესაუბრებით.

2012 წელს თქვენ ხარჯავდით 626,8 მილიონ ლარს განათლებაში. ჩვენ, 2018 წელს, 1 მლრდ 180 ლარი, ანუ, 89 %-ით მეტი გვაქვს განათლების სფეროში დახარჯული. აი, ეს არის განსხვავება და სად ვხარჯავდით ამ ბიუჯეტს. აქ არის ის 600 ათასი ბავშვიც, რომელსაც სახელმწიფომ სახელმძღვანელოები დაუმზადა და გადასცა, სადაც თქვენ დროს, ამ ფულს იხდიდნენ ოჯახები და ყოველ წელს თითოეული ოჯახის დანახარჯი რამდენი იყო, კარგად გემახსოვრებათ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, 2012 წლისთვის, წინა ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროში 1 მლრდ 800 მლნ ლარი დახარჯა მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ - 5 მლრდ ლარი. უმრავლესობის ლიდერმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების საპასუხოდ, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასა და მის სარგებელზე ისაუბრა.

„ეს იყო 5 მლნ-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც ისარგებლა ჯანდაცვით, კონკრეტული დიაგნოსტიკით, ქირურგიული ოპერაციებით და მკურნალობით, ეს იყო თუნდაც, C ჰეპატიტის პროგრამა, ვუპასუხებ ზურაბ ჭიაბერაშვილს. ბატონო ზურაბ, თქვენ ხომ ჯანდაცვის მინისტრი ბრძანდებოდით, მაინტერესებს, C ჰეპატიტი არის თუ არა გლობალური გამოწვევა და ეპიდემია? არის. ასევე, იცნობთ თუ არა სხვა გლობალურ ეპიდემიებს, როგორიცაა ტუბერკულოზი და აივ ინფექცია/შიდსი? მაინტერესებს, გლობალური მიზნები როდესაც დაისახა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ტუბერკულოზთან და თუნდაც, აივ/შიდსთან დაკავშირებით, გახდა თუ არა ამ მიზნების მიღწევა გამოწვევა? მიაღწია თუ არა 100 % - იან მოცვას თუნდაც ყველაზე წარმატებულმა ქვეყნებმა ტუბერკულოზთან და აივ/შიდსთან მიმართებაში? ვერ მიაღწია და თქვენ დღეს აქ რომ გამოდიხართ და ჩვენ გვსაყვედურობთ, რომ C ჰეპატიტზე 100%-იან ელიმინაციას, 80 %-იან მოცვას რატომ ვერ მიაღწიეთო, თან ჯერაც არ არის ის ვადები გასული, სადაც ჩვენ ეს მიზნები დავისახეთ, მგონი გავიწყდებათ თქვენს სფეროში ის მთავარი ცოდნა, რაც ამ შემთხვევაში უნდა გამოგეყენებინათ, იმიტომ, რომ შეხედეთ ტუბერკულოზს, შეხედეთ აივ ინფექცია/შიდსს და ამ ეპიდემიებს, რა ვითარებაა იქ. ათწლეულობის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ებრძვიან ამ ეპიდემიებს და დღემდე ეს ბრძოლა არ არის დამთავრებული და საქართველომ, სადაც წელიწადში 300 პაციენტი მკურნალობდა თქვენი ხელისუფლების პირობებში, სახლებს და მანქანებს ყიდიდნენ, ვალებს იღებდნენ, რომ სიცოცხლე გადაერჩინათ და დღეს თქვენ თვითონ თქვით, რომ 60 ათასმა ადამიანმა გაიარა მკურნალობაო. 60 ათასი სიცოცხლე, 60 ათასი დედა, მამა, შვილი, ძმა, და - ეს ადამიანები ხომ გადარჩნენ ჩვენი ხელისუფლების ამ პროგრამის და ამ პოლიტიკური ნაბიჯის შედეგად. იცით ამ პროგრამამ ქვეყანას რამხელა ბენეფიტი მოუტანა? ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილის ცოდნა რომ გავამრავლოთ თქვენს ცოდნაზე, ანუ 60 ათასი პაციენტი რომ გავამრავლოთ 80 ათას დოლარზე, რაც ღირს ეს მკურნალობა, 4.8 მლრდ დოლარის სიკეთე მოუტანა C ჰეპატიტის პროგრამამ საქართველოს. 4.8 მლრდ , თქვენ ყველას, აქ რომ შეგკრიბოთ, დოვლათი არც შეგიქმნიათ და არც დაგითვლიათ საერთოდ ამ ქვეყანაში და ეს არის მარტო C ჰეპატიტის პროგრამა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, განსხვავებაა ინფრასტრუქტურის სფეროშიც, სადაც, წინა ხელისუფლებამ 2004-2013 წლებში 3569 კმ გზა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, 2013-2018 წლებში, 5389 კმ გზა დააგო.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში აშენდა 21 ელექტროსადგური, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მხოლოდ 2 ელექტროსადგური აშენდა.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება ბიზნესს აყაჩაღებდა, რასაც არ აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

„ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბიზნესებს აყაჩაღებდით, რევოლვერით ადექით თავზე და ისე აკეთებდით ჩრდილოვანი ფულით ბევრ საქმეს. ბიზნესმენებს რომ 10 ათასლარიან სახლებს რომ 100 ათასად და ნახევარ მილიონად აყიდინებდით და ამ ფულს მერე სად მიმართავდით და როგორ იკეთებდით თქვენს საქმეებს, ეს ნუ დაგავიწყდებათ. თქვენც კაი ბევრ ფულს ხარჯავდით, ოღონდ ეს იყო კრიმინალით მოპოვებული ფული, ეს იყო დანაშაულებრივი გზით მობილიზებული ფული, პირდაპირ რევოლვერით თავზე ედექით ბიზნესს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, არ ვკადრულობთ, სამაგიეროდ, ეს ხარჯები დღეს არის ბიუჯეტიდან გაწეული“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ, თითქმის ორჯერ გაიზარდა მრეწველობის საერთო გამოშვება ქვეყანაში.

„მრეწველობა - 6. 4 მილიარდი იყო 2012 წელს მრეწველობის საერთო გამოშვება ქვეყანაში. ჩახედეთ სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს. ახლა, 2018 წელს იცით რამდენია? 10.7 მილიარდია მრეწველობის საერთო გამოშვება ქვეყანაში. თითქმის ორჯერ მეტი. აი სად დავხარჯეთ ბიუჯეტი. იმიტომ, რომ „აწარმოე საქართველოში“, სხვა ინტერვენციები, რომელშიც ბიუჯეტები იხარჯებოდა და ის გარემო, რომელიც ჩვენ შევქმენით, საინვესტიციო, საგადასახადო, ანტიკორუფციული თვალსაზრისით, აი ამან მოიტანა ზუსტად მრეწველობის საერთო გამოშვების გაზრდა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორის გამოშვებასაც, ბატონ კანდელაკს მინდა ვუთხრა, აქ სოფლის მეურნეობაც შედის შეწონილად, რა თქმა უნდა. 23 მილიარდი იყო 2012 წელს ბიზნეს სექტორის გამოშვება. 38 მილიარდია დღეს ბიზნეს სექტორის გამოშვება. შეადარეთ ბატონებო. აი ეს არის ის განსხვავება. დოლარშიც დაგიანგარიშებთ ახლავე. საქართველოს გაჰქონდა სადღაც 20-30 მლნ ბოთლი ღვინო საზღვარგარეთ. იქ ხომ დოლარში და ევროში ყიდიდნენ ამ ღვინოს. დღეს 80 მლნ ბოთლია წელიწადში ექსპორტი და ეს დოლარი სად შემოდის, ეს ევრო სად შემოდის. შემოდის, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებში. შემოდის საქართველოს ეკონომიკაში. აი, აქ დავხარჯეთ ორჯერ მეტი ბიუჯეტი და მე შემიძლია ეს ჩამონათვალი გავაგრძელო“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ტეგები