პარლამენტში საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დასრულდა
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 21:27
პარლამენტში საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დასრულდა

პლენარული სხდომა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით კომიტეტების თავმჯდომარეების გამოსვლებით დაიწყო.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა კომიტეტის სახელით შეაჯამა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

მისი ინფორმაციით, მომავალი წლისთვის 160 მილიონი ლარით იზრდება საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი. მისივე განცხადებით, განათლების ბიუჯეტის მატების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ინფრასტრუქტურულ კომპონენტს.

მეორე უნიშვნელოვანეს სიახლედ კომიტეტის თავმჯდომარემ დაასახელა ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების ზრდა 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე.

„კანონში წელს მიღებული ცვლილებებით სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტიებიც უკვე გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან ისაუბრა ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროგრამული კომპონენტების შესახებ. მისივე განცხადებით, 37 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით.

მარიამ ჯაშმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების დაფინანსებაზე, რომელიც 2018 წელთან შედარებით 20.3 მლნ-ით იზრდება.

კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტში პირველად არის გათვალისწინებული როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში სტუდენტების სახელმწიფო ვაუჩერით დაფინანსება.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ასევე ზოგადად, მეცნიერების დაფინანსების პრინციპების მნიშვნელოვანი გადახედვა.

მარიამ ჯაშმა ისაუბრა კულტურის სფეროს ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 4 მილიონიანი ზრდის შესახებ.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 12.5 მლნ ლარს შეადგენს. მისი მოსაზრებით, ინფრასტრუქტურულ ნაწილში დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზებაა საჭირო ქართული თეატრისა და კინოს ინდუსტრიისათვის, მათ შორის, ინკლუზიური თეატრების დასების მდგრადობისათვის.

კულტურის სფეროში კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აფხაზეთის ა/რ მთავრობის დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობას.

„მიუხედავად 160 მლნ ლარით დაფინანსების ზრდისა, თუკი გვინდა რომ ფუნდამენტური ცვლილებები მოვახდინოთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში, გვჭირდება ფუნდამენტურად გაზრდილი ფინანსური რესურსების ალოკაცია აღნიშნული მიმართულებებით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, გამოსვლისას იმ არგუმენტებზე ისაუბრა რომლის გამოც კომიტეტმა ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

„ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ გამოწვევების კონტექსტში, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებზე, რომელიც მისი თქმით, ყველაზე მეტად პრიორიტეტული, პრობლემური და საყურადღებოა საზოგადოებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა, და დიდ წარმატებებსაც მივაღწიეთ, მაინც ვერ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რადგან ქვეყანაში არის 450 სოციალურად დაუცველი, ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, დევნილთა რაოდენობა 2008 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაზრილია, ლარის კურსი დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს და ნეგატიურ გავლენას ახდენს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები.

„ჯანდაცვის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია 1 მლრდ 44 მლნ ლარი, საყოველთაო ჯანდაცვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელმაც ძალიან ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. მნიშვნელოვანი აქცენტებია გაკეთებული c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. ნარკომანიით დაავადებულების, ფსიკუკური ჯანმრთელობის, სიმსივნით დაავადების, ქრონიკული დაავადების მკურნალობის თუ ტუბერკულოზის პროგრამისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი განცხადებით საპენსიო გასაცემელი 200 მლნ ლარით იზრდება. მათ შორის, 20 ლარით იზრდება ასაკობრივ პენსიონერთა, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის პენსია.

„მთავრობა და მმართველი გუნდი იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ეფექტური“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ძალიან საინტერესოა ვისაუბროთ ბიუჯეტის პროექტის შესახებ, რადგან ჩვენი მოსახლეობა ელოდება თითოეულ იმ ცვლილებას, რომელიც მათი სოციალური კეთილდღეობის და უსაფრთხოებისთვის იქნება დამატებით სიკეთის მომტანი და იმ გარანტიის უზრუნველმყოფი, რისი ვალდებულებაც ჩვენ გაგვაჩნია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, პირველ რიგში გადასაჭრელია ორი მიმართულება ეს არის სოციალური მუშაკების გაზრდა და მათი მომზადება. „ეს კომპონენტები ბიუჯეტის შესაბამის კანონის პროექტში უკვე ასახულია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი განცხადებით, ეს ბიუჯეტი ნამდვილად გამორჩეულია და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც განსაკუთრებით ინკლუზიური ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს.

„მომავალში, ჩვენ გამოვიყენებთ საპარლამენტო ზედამხედველობის ყველა მექანიზმს და კონტროლს იმისთვის, რომ შევაფასოთ რამდენად მიზნობრივად იხარჯება სხვადასხვა სამინისტროების მიერ ხარჯები, რამდენად ეფექტურად იხარჯება და მისდის თითოეული თეთრი ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი დადებითი და უარყოფითი შეფასებები დააფიქსირეს როგორც საპარლამენტო ფრაქციებმა ასევე ცალკეულმა დეპუტატებმა.

სხდომაზე, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საპარლამენტო უმცირესობის სახელით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, ამ ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში პრინციპული გაუმჯობესება ვერ მოხდება.

„2019 წლის ბიუჯეტს დავარქმევდი ფისკალური სტაბილურობის, სოციალური უსაფრთხოების და ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტს. რეალურად, ეს სამივე ტენდენცია არის სახეზე“, - განაცხადა სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მან იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, პარლამენტის წევრებისთვისაა მნიშვნელოვანი.

„მივესალმებით, რომ ბავშვები სიღარიბეში მყოფ ოჯახებში მიიღებენ ხუთჯერ მეტ ფინანსურ დახმარებას, ხუთჯერ მეტ სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან. ეს არის ნომერ პირველი საჭიროება, რაც კვლევებმაც გამოაჩინა, რასაც დღეს ყველა ხედავს და ხელისუფლება სწორედ ვალდებული იყო, რომ ამაზე ადეკვატური რეაქცია 2019 წლის ბიუჯეტში გაეკეთებინა. ასევე, მივესალმებით პენსიების 11%-ით ზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ პენსიონერთა ოჯახის წევრები, ახალგაზრდა ადამიანები, იღებენ ასევე სახელმწიფოსგან სხვა მხარდაჭერას. ეს არის ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური პროგრამები. თუ ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდების განათლებას, თუ ვეხმარებით ბავშვებს, თუ ყველა ოჯახის წევრს ვუუმჯობესებთ ჯანდაცვის პაკეტებს, თუ ვზრუნავთ მათთვის დასაქმების შესაძლებლობებზე, რა თქმა უნდა, ესეც არის ის, რაც თითოეულ პენსიონერს სჭირდება, რადგან ეს სჭირდებათ მათ ოჯახებს“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

მისივე შეფასებით, 2019 წლის ბიუჯეტში, 61 მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული განათლების სფეროს დაფინანსებაზე, რაც ახალი სკოლების მშენებლობას, ასევე, პროფესიულ განათლებას მოხმარდება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს პირდაპირაა დაკავშირებული მოკლევადიან პერიოდში დასაქმებასა და გრძელვადიან პერიოდში უფრო კონკურენტული, ხარისხიანი განათლების მიღებასთან.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს რეგიონებს.

„რეგიონები არის ის, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ 2019 წელს და შემდეგ წლებში, 70 მილიონით რეგიონების ბიუჯეტის გაზრდა ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, უფრო სწრაფად მოგვარებულ პრობლემებს, რომელიც აქვთ რეგიონებში, სოფლებს და რომელიც აქვთ ქალაქსაც. აქ ხაზგასასმელია, რომ 20 მილიონით დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სადაც სოფლები თავად შეძლებენ მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა გამოსწორდეს, რა უნდა აღდგეს, რა უნდა შეკეთდეს მათ სოფლებში და მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იქნება ძალიან ეფექტურად მართული“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

მისივე თქმით, ხელფასი ეზრდებათ პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებსა და მესაზღვრეებს. არჩილ თალაკვაძემ, მმართველი გუნდისა და პარლამენტის სახელით, მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ხელფასები ეზრდებათ მეხანძრე-მაშველებსაც, რომლებმაც არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წელს მართლაც სამაგალითო პროფესიონალიზმი აჩვენეს.

„როდესაც ხანძრების შემთხვევაში იყო ძალიან დროული და ადეკვატური რეაგირებები და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იმსახურებენ ხელფასების ზრდას. ისევე, როგორც მესაზღვრეებსაც ეზრდებათ ხელფასები, ადამიანებს, რომლებიც ურთულეს პირობებში დგანან და იცავენ საქართველოს საზღვრებს“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, ბევრად მეტი თანხა - 92 მილიონი ლარი გამოიყო დევნილთათვის საცხოვრებელი ბინების საკითხების მოსაგვარებლად.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურის სფეროზეც, სადაც დაფინანსების 160 მილიონიანი ზრდაა.

მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ შეასრულა საკუთარი დაპირება საჯარო სექტორში ხელფასების ხარჯის დაფიქსირებასთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ 66 ათას კერძო კომპანიას და სუბიექტს 2013 წლამდე დარიცხული ჯარიმები და დავალიანებები ჩამოეწერა. მისი განმარტებით, დავალიანების ჩამოწერის საჭიროება იმიტომ დადგა, რომ მათ ჯარიმები და სანქციები უკანონოდ დაერიცხათ.

„ამ დავალიანების ჩამოწერა საჭირო გახდა იმისთვის, რომ სწორედ ამ კომპანიებს, ამ კერძო სუბიექტებს ჰქონდათ უკანონოდ, უსამართლოდ დარიცხული ჯარიმები და უკანონოდ დარიცხული სანქციები დაგროვილი თავის ანგარიშზე და ისინი ვეღარ ახერხებდნენ ამ დავალიანებების გამო საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვას და ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ გაგრძელებას და ამიტომ, მთავრობის ეს ნაბიჯი უდავოდ არის სტიმული, პოზიტიური ნაბიჯი ბიზნესის და ბიზნეს სექტორის შემდგომი განვითარებისთვის“, - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიღარიბის აღმოსაფხვრელად, 2019 წლის ბიუჯეტსა და შემდგომ პოლიტიკაში ოთხი ძირითადი მიმართულებაა გათვალისწინებული.

„პირველი - განათლების სისტემის დაფინანსება, მისი სრულყოფა, ვინაიდან განათლებით არის შესაძლებელი ეკონომიკის გაუმჯობესება, განათლებით არის შესაძლებელი უკეთესი მომავლის შექმნა, ჩვენი ხვალინდელი დღის გაუმჯობესება; მეორე - ჩვენ ვაპირებთ უფრო მეტად დავიცვათ ბავშვები, რომელთაც აქვთ პრობლემები სიღარიბეში, სკოლაში, იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი ცხოვრობენ და სადაც ისინი ჩვენგან ელოდებიან უფრო მეტ მხარდაჭერას და 2019 წლის ბიუჯეტში ზუსტად ამ ბავშვებისთვის ხუთჯერ იზრდება სოციალური დახმარება, იზრდება განათლების დაფინანსება, უმჯობესდება ჯანდაცვის დაფინანსება და ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ სჭირდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში; მესამე - ჯანდაცვა, ჯანმრთელობა და ხარჯები, რომელიც ჯანდაცვაში არის და აქვს თითოეულ ოჯახს, არის მნიშვნელოვანი, რომ ამაში სახელმწიფო დაეხმაროს და ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს აქტიური პოლიტიკა, ისევე, როგორც მე-4 მიმართულება - ეკონომიკა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ.

„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე, დასკვნითი სიტყვით ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი წარსდგა. მისი შეფასებით მომავალი წლის ბიუჯეტი ოპტიმალურად დაბალანსებულია.

„იმ ორი შეხედულების მიხედვით, რომლებიც გულისხმობს ერთი მხრივ, ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებას, ეკონომიკიდან ნაკლები გადასახადის ამოღებას, ნაკლებ რეგულაციას, ნაკლებ სოციალურ ხარჯს, ხოლო მეორე მხრივ, იმ ადამიანებისთვის, ვინც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ არიან ეკონომიკაში აქტიურად ჩართული, მოხდეს სოციალური დახმარებების მიმართვა, არსებული რესურსების მობილიზაციის და მერე მათი გადანაწილების კუთხით, ბიუჯეტის არის ძალიან ოპტიმალური“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის დასრულების შემდეგ, პლენარულმა სხდომამ პირველი მოსმენისთვის განიხილა ბიუჯეტის თანმდევი კანონპროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლებიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები რამდენჯერმე განხორცილდა და ეს უკავშირდება, ძირითად, სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის სრულყოფას.

„მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა ფინასური გამჭვირვალობის შეფასება სავალუტო ფონდისგან, ასევე წელს გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის თვითშეფასება, სადაც საკმაოდ კარგი და უმაღლესი შედეგები გვაქვს, თუმცა გარკვეული რეკომენდაციები იყო გაცემული, როგორც სავალუტო ფონდისგან, ასევე მსოფლიო ბანკისგან და ამ რეკომენდაციის შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასახულია ცვლილებები. კერძოდ, გათვალისწინებულია პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები იმისთვის, რომ თითოეული სამინისტროს სამოქმედო გეგმა იყოს შესაბამისობაში და ამ კუთხით გარკვეული ცვლილებებია წარმოდგენილი. ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტების ტრანსფერების სისტემის ცვლილებასთან, რომელიც გამომდინარეობს ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახე აღარ არის „გათანაბრებითი ტრანსფერი“. დაზუსტდა რეგულაცია, რომელიც ეხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელ ღონისძიებებსა და შეზღუდვებს.

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით, ახლებურად ყალიბდება რეგულაცია, რომელიც მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენას ითვალისწინებს.

ზუსტდება ფისკალური წესების ფარგლებში მოცული სექტორის გაფართოებასთან, წესებიდან გადახვევის პირობებისა და წესის დადგენასთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციები. პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამის გარდამავალ რეგულაცია.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის განხილვის შემდეგ ტრიბუნა დეპუტატებს განცხადებებისთვის დაეთმოთ.

„გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებში საქართველომ ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით ძალიან პოზიტიური შეფასება მიიღო. დებატები ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშს მიეძღვნა, სადაც დებატებში მონაწილე ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მიმართ მყარი მხარდაჭერა“, - განაცხადა სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირინე ფრუიძემ.

მისი განმარტებით, ევროპარლამენტარები მიესალმებიან საქართველოში განხორციელებულ მდგრად რეფორმებსა და პროგრესს და აღნიშნავენ, რომ საქართველო არის ვარსკვლავი რეგიონში ევროპული ღირებულებების კუთხით. მისი განცხადებით, როგორც დებატებზე აღინიშნა, დემოკრატიის უზრუნველყოფის მიმართულებით, საქართველო ბევრად წინ წავიდა ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები.

„საქართველოსთვის ღიაა ევროპული ბაზარი, საზღვრები, მე ამ შეთანხმებებს ვუწოდებ ფანტასტიკურ მიღწევებს. რამდენიმე წლის წინ ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თანამშრომლობის ამ ხარისხზე ვისაუბრებდით“, - აღნიშნული განცხადება ირინა ფრუიძის თქმით, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯად კარიმმა გააკეთა.

„ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ანგარიშში საქართველო აღიარებულია როგორც ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ამ სტატუსის მოპოვებას სწორედ იმან შეუწყო ხელი, რომ საქართველო წარმატებით და თანმიმდევრულად ასრულებს ასოცირების შეთანხმებას და ატარებს რეფორმებს, რამაც ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს უნდა დაუახლოვოს და უზრუნველყოს უკეთესი მომავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ

„ბოლო სამი თვეა ჩვენ ვისმენთ, რომ ყველა ვისაც გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული აზრი - ვართ მოღალატეები. ამ სტერეოტიპის ასეთი აქტიურ დონეზე პროპაგანდად დამკვიდრების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან არ არის შემთხვევითი და ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ეს მიზანი არის საზოგადოების მკვეთრი დაპირისპირება ერთმანეთთან, რომ საზოგადოება გაიყოს ორ ნაწილად და აღარ დარჩეს ამ საზოგადოების ერთიანობის არანაირი ადამიანური და ემოციური ფაქტორები. პრინციპულად მიმაჩნია, ვინც დაიწყო ამ ტენდენციის დამკვიდრება მან ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა საქართველო“, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმაგედევან ფოფხაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ასევე, საფრთხის მატარებელი ფაქტორია შეწყალების ინსტიტუტის ბოროტად გამოყენების დეკლარაცია.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა ჰააგაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, სპეციალური საკომიტეტო მოსმენის გამართვა ითხოვა.

„ჩვენი სახელმწიფო, ქართველი ხალხი დაკარგავს ყველაფერს თუ ჰააგაში ჩვენ ვერ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. ჩაატარეთ საკომიტეტო სხდომა და მოასმენინეთ ქართველ ხალხს თუ რა ხდება ჰააგაში და რას აკეთებს ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდგომ პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო საქმიანობა გაგრძელდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კოლეგებს II მოსმენით, განსახილველად

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად წარმოადგინა.

„ეს არის ახალი პროექტი, რომელიც კონსტიტუციის ცვლილებიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისა და ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პროექტის თანახმად, თვისობრივად ახლებურად ჩამოყალიბდა პროკურატურის სისტემა.

კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს, არეგულირებს პროკურატურის ამოცანებთან, პრინციპებთან და უფლებამოსილებებთან, პროკურატურის სტრუქტურულ მოწყობასა და მართვასთან, პროკურატურის სათათბირო და კოლეგიურ ორგანოებთან, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ქვეყნის შიგნით წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება პროკურატურის თანამშრომელთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ორგანული კანონის პროექტი აგრეთვე, ითვალისწინებს დღეს მოქმედი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას.

„ამ კანონპროექტის განხილვის დროს ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა შენიშვნა რაც კი მივიღეთ უწყებებიდან, კომიტეტებიდან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ამ საკითხზე ასევე, მუშაობს ვენეციის კომისია და როდესაც მივიღებთ ექსპერტიზას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადავხედოთ თუ იქნება რაიმე რეკომენდაცია“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„ძირითადი პრინციპი არის ის, რომ პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსგან გამოყოფის შემდეგ, დამოუკიდებლობის პირობებში, მას ექნება ძირითადად ყველა ის ფუნქცია, რასაც დღეს ინაწილებდა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. კანონპროექტში გაწერილია ის უფლებამოსილება, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო თანამშროლობის ფარგლებში ექსტრადიციის, დაკავების, სასამართლო განხილვის და სხვა საკითხებს. ასევე, კანონპროექტში არის საკითხები, რომელიც ეხება პროკურატურის თანამშრომლების მიღებას, დათხოვას, ეთიკის სტანდარტებს და დამატებით სათათბირო საბჭოებს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხთან ერთად III მოსმენით დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა.

მისი თქმით მეორე მოსმენის შემდეგ გათვალისწინებულია შენიშვნა, მეორე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა 8 თვის ვადაში განახორციელონ ღონისძიებები სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ 8 თვის ნაცვლად კანონში კონკრეტული თარიღი ჩაწერილიყო, რაც გაზიარებულია. „1 ივლისი, ეს არის სწორედ ის თარიღი, რაც ვადის დაკონკრეტებას გულისხმობს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ასევე, მესამე მოსმენით წარადგინა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონის პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. კანონის პროექტით რეგულირდება ორდენისა და მედლის დუბლიკატების გაცემის წესთან და ორდენისა და მედლის ჩამორთმევასთან დაკავშირებული საკითხები.

სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

კანონის პროექტის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია 2018 წლის 15 ნოემბრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განსახილველად მეორე მოსმენით წარადგინა.

პროექტის თანახმად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში სიტყვები - „სამხედრო ძალები“ იცვლება სიტყვებით - „თავდაცვის ძალები“.

გარდა ამისა, კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე გაცემული ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგაც.

სხდომაზე ასევე, მეორე მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონის პროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის (ყოფილი მოსამართლის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.

„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი II მოსმენითდიმიტრი ცქიტიშვილმა წარადგინა.

ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, პროფესიული კავშირის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებთან, მის რეგისტრაციასთან და იურიდიული პირის სტატუსთან, სხვა ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობასთან, პროფესიული კავშირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან, პროფესიული კავშირის ძირითად უფლებებთან და გარანტიებთან, აგრეთვე, პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხებს მოწესრიგებას.

გარდა ამისა, ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს დღეს მოქმედი „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას.

დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, ეს არის მოქმედი კანონის იდენტური, ერთადერთი განსხვავებით, რომ ეს არის ორგანული კანონი.

საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის მიხედვით ელექტრო ძრავიანი ავტობუსის (მათ შორის, ელექტრო ძრავიანი მიკროავტობუსის) მიწოდება ან/და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისაგან თავისუფლდება.

დღევანდელი პლენარული სხდომის დასასრულ, კანონმდებლებმა კენჭი უყარეს განხილულ კანონპროექტებს, რის შემდგომაც პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა.

ტეგები