ზაზა სარალიძის მხარდამჭერმა პეტიციამ 10 000 ხელმოწერა დააგროვა
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2018 23:37
ზაზა სარალიძის მხარდამჭერმა პეტიციამ 10 000 ხელმოწერა დააგროვა

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად შექმნილმა პეტიციამ „უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს“ განსახილველად საჭირო, 10 000 ხმა დააგროვა. თუმცა, პეტიციის განხილვას თბილისის მერიას კანონი არ ავალდებულებს. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

იმისთვის, რომ საჯარო უწყებებმა მოქალაქეების მიერ შექმნილი პეტიცია განიხილონ ის მთავრობის შექმნილ ვებგვერდზე უნდა იყოს რეგისტრირებული. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ქალაქის მერი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს. მათი თქმით, მთავარი ნაძვის ხის განთავსების საკითხსაც კალაძე მოქალაქეებთან ერთად მიიღებს. თუმცა, მერიაში არ აკონკრეტებენ განიხილავენ თუ არა კონკრეტულად ამ პეტიციას.

ზაზა სარალიძისთვის კონსტიტუციური უფლების, კარვის გაშლის უფლების შეზღუდვის გამო 10 ნოემბერს აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობოებმა პროტესტის ნიშნად კარვები მაინც გაშალეს.

აქციაზე პოლიციასთან შეტაკების დროს სარალიძე შეუძლოდ გახდა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა პეტიცია „უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!" Thepetitionsite.com-ზე შექმნეს.

ტეგები