თამარ ხულორდავა და ირაკლი კოვზანაძე ირლანდიაში ორმხრივ შეხვედრებს მართავენ
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2018 13:14
თამარ ხულორდავა და ირაკლი კოვზანაძე ირლანდიაში ორმხრივ შეხვედრებს მართავენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ირლანდიაში ვიზიტით იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში ქართველმა კანონმდებლებმა  შეხვედრები გამართეს ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შონ ო’ფარელთან, სენატის თავმჯდომარესთან დენის ო’დონოვანთან, საგარეო საქმეთა, ვაჭრობის და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ბრენდან სმიტთან, ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ნოელ გრილიშთან და ევროპულ საქმეთა ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, სენატორ ტერი ლეიდენთან.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანმშრომლობის დღის წესრიგის წამყვან საკითხებს - თბილისში ირლანდიის საელჩოს გახსნას, სავიზო რეჟიმის გამარტივებას, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების ჩათვლით, და ასევე, ეკონომიკის, კულტურის და განათლების მიმართულებებით საქართველო-ირლანდიის თანამშრომლობის  განვითარების პოტენციალს.

ქართველმა დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს და სენატორებს 2018 წლის 7 ნოემბერს, ირლანდიის სენატის მიერ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ” რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია მეგობარი ქვეყნების მხრიდან მსგავსი თანადგომისა და მხარდაჭერის დაფიქსირება.

თამარ ხულორდავამ ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მიღწეულ პროგრესზე. ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა აგრძელებს რეფორმების განხორციელებას, რათა მიაღწიოს ევროკავშირთან მაქსიმალური ინტეგრაციას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ირლანდიურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. ირლანდიელმა დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის  პროვოკაციული ქმედებებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით.

ირაკლი კოვზანაძემ თავის მხრივ, მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური რეფორმების შედეგები. მან ისაუბრა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გატარებული ღონისძიებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების თაობაზე, რაც მისი თქმით, უზრუნველყოფს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსა და ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს.

ირლანდიურმა მხარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა  და ამ მიმართულებით დეპუტატებმა ქვეყანას  შემდგომი წარმატებები უსურვეს. პარლამენტარებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, რასაც ბოლო პერიოდში საქართველოსა და ირლანდიაში პარლამენტის დელეგაციების მიერ განხორციელებული ვიზიტები მოწმობს.

შეხვედრებზე ირლანდიის მხრიდან, კიდევ ერთხელ, დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, ასევე, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ინტენსიფიკაციისათვის მზაობა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის პრიორიტეტების განხორციელების მიზნით.