განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2018 16:11
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ექვსი თვის ანგარიში მოისმინეს. ანგარიში კომიტეტების წევრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ წარუდგინა. მან თავების მიხედვით, განსაზღვრულ ვალდებულებებზე და დარგობრივი მიმართულებებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ევროკავშირის განათლების პოლიტიკასთან მიახლოების მიზნით ევროკავშირის საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში სამინისტრომ მოამზადა განათლების ხუთწლიანი სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმის 2017 წლის მონიტორინგის ანგარიში. „ამან მაღალი შეფასება და დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან“, - აღნიშნა ნათია ზედგინიძემ.

მისი ინფორმაციით, პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზების მიზნით, ევროკავშირის დახმარებით, 15 ნოემბერს ოფიციალურად დასრულდა პროფესიული განათლების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 30 მლნ ევროა. „პარლამენტმა უკვე მიიღო ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, ხოლო ახლა მიმდინარეობს კანონის იმპლემენტაციის პროცესი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, აგრეთვე ევროკავშირი აღმოსავლეთის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, 2018 წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. „გაიხსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან შეირჩა 30 სტუდენტი, შეიქმნა საერთაშორისო ბანაკი. ამჟამად დაკავებული ვართ მეორე ეტაპით, რაც გულისხმობს სკოლის საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას, სასწავლო გეგმების ტიპების განსაზღვრას“, - განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

მან ასევე ისაუბრა Erasmus+ პროგრამის შესახებ, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის საშუალებას აძლევს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ჰორიზონტ 2020 პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე სამეცნიერო მიმართულებით სმარტ სპეციალიზაციების სტრატეგიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე. მან მიმოიხილა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებები.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირინა ფრუიძის შეფასებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არის ის უწყება, რომელსაც აქვს ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ძალიან მაღალი დონე. „ანგარიშიდან ჩანს, რომ ვალდებულებების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო რაოდენობა, არამედ შესრულების ხარისხი“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშისგანცხადებით, პარლამენტმა ბოლო პერიოდში არაერთი კანონი მიიღო, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგს. „პროფესიული განათლების შესახებ კანონი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო კანონი. მასზე საუბარი იყო გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის დროსაც“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მან ანგარიშში ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შეტანა სთხოვა. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, კანონმდებლობაში არაერთი ცვლილებაა, ასევე, სწავლების ხარისხთან დაკავშირებით.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2015 წლის 8 დეკემბრის „საქართველოსა და SOCIETE GENERALE-ს შორის „COFACE საკრედიტო ხაზის შეთანხმება B-ის“ (MBDA France ნასყიდობის ხელშეკრულება)“ ცვლილების შეთანხმება N1“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

„საფრანგეთთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში ასათვისებლად დარჩენილია 6 მლნ ევრომდე თანხა. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ხდება თანხის ათვისების ვადის გადაწევა მიმდინარე წლის ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.