9 აპრილის ცნობილი ფოტოს გმირი მეჩითოვის განცხადებას ეხმაურება
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2018 17:21
9 აპრილის ცნობილი ფოტოს გმირი მეჩითოვის განცხადებას ეხმაურება

იური მეჩითოვის სკანდალურ განცხადებას 9 აპრილთან დაკავშირებით, აპრილის მოვლენების დროს გადაღებული მისი ცნობილი ფოტოს გმირი, ნანა მახარაძე გამოეხმაურა:

“საოცარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. უდიდესი მონაპოვარია “სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება”, თუმცა ბევრს ავიწყდება ის,რომ სწორედ 9 აპრილს ანთებული გულებით, გაბრწყინებული თვალებით,სუფთა ხელებით და ეროვნული სულით მოვიპოვეთ ყველაზე ღირებული მათ შორის რაც გაგვაჩნია- თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა!

ბატონ იურის აქვს ნიჭი და ყოფნის პროფესიონალიზმი “ერთი თითის დაჭერით” შეაჩეროს წამი, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ვერ გაუაზრებია ქართველი ხალხის ეპოქალური მნიშვნელობა. ყველას ვერ მოვთხოვთ გმირობას და არც ქართველად დაბადების ბედნიერებაა აქვს ყველას!

კითხვაზე “გოგონა მის ცნობილ ფოტოზე მამაცი იყო თუ სულელი” მე გაგცემთ პასუხს – გოგონა იყო სულელურად მამაცი ,ისევე როგორც უამრავი ადამიანი ,რომელიც იმ ღამეს ქვეყნის სიყვარულისთვის დაჩეხეს,დაწამლეს და გადაუარეს!!!

ისტორიას ვერავინ შეცვლის,რამდენიც არ უნდა ეცადოთ,რადგან გვინდა თუ არა ამ ქვეყანაში ბედისწერასავით ყოველდღე იბადება თითო გმირი!

ბატონო იური, დღეს ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მხოლოდ არა 9 აპრილთან დაკავშირებით. ეს სისხლით მორწყული თარიღი ,მუდამ თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება იმ გმირების სახელებთან ერთად,რომელთა ხსოვნას ჩვენ “შოუში” მონაწილე ადამიანები შთამომავლობას გადავცემთ!”, – წერს ნანა მახარაძე.

 

წყარო