ორსულ მეუღლეზე ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ამობეჭდვა · 17 / 11 / 2018 12:32
ორსულ მეუღლეზე ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორსული მეუღლის მიმართ სისტემატური ძალადობისთვის ბრალდებულს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის მიმართ სისტემატური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხონის რაიონში თ.ხ. 2018 წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით სისტემატურად სცემდა და ძალადობდა ექვსი თვის ორსულ მეუღლეზე, რა დროსაც ახსენებდა, რომ მისი საჩივრის საფუძველზე ის 2018 წლის 17 აპრილს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

თ.ხ. დაზარალებულს გამუდმებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ რამდენჯერაც მის გამო ციხეში გატარებული თვეები გაახსენდებოდა, იმდენჯერ სცემდა.

თ.ხ.-ს მხრიდან განხორციელებული ინტენსიური ხასიათის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად ც.წ.-მ ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა თ.ხ. 2018 წლის 15 ივნისს დააკავეს. სამტრედიის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) წარუდგინა. თ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თ.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

ტეგები