მოქალაქეები სპეციალურ ვებგვერდზე შეძლებენ გადაამოწმონ, შეეხებათ თუ არა დავალიანების ჩამოწერა
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 13:50
მოქალაქეები სპეციალურ ვებგვერდზე შეძლებენ გადაამოწმონ, შეეხებათ თუ არა დავალიანების ჩამოწერა

2018 წლის 15 დეკემბრიდან 600 000 მოქალაქისთვის ვალების განულობის პროცესი დაიწყება. ამის შესახებ დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა, მოქალაქეები სპეციალურ ვებგვერდზე შეძლებენ შეამოწმონ, შეეხებათ თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
 
ვებგვერდი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი 3 დეკემბრიდან იქნება, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია შევიდეს, შეიყვანოს თავისი მონაცემი და ნახოს, შეეხო თუ არა დავალიანების ჩამოწერის ინიციატივია.
 
ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ამ მოქალაქეთა პირადი მონაცემები დაცული იქნება. ვალების ჩამოწერა და ტრანზაქცია კი განხორციელდება 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე, 31 დეკემბრის ჩათვლით.
 
მინისტრის თქმით, დავალიანების შეეხება შავ სიაში მყოფ იმ ადამიანსაც, რომელსაც აქვს არა ერთი არამედ რამდენიმე სესხი, თუმცა თითოეულის შემთხვევაში სესხის ძირი 2000 ლარს არ აღემატება. 
 
ასევე ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს. ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ „ვივუსის“ კლიენტებს, რომლებიც შავ სიაში არიან, დავალიანება არ ჩამოეწერებათ, რადგან ამაზე კომპანიამ თავად განაცხადა უარი. 
 
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.