დედა სიდონიას საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს - საპატრიარქო
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 15:52
დედა სიდონიას საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს - საპატრიარქო

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, ტოლერანტობის ქომაგად დასახელებულ დედა სიდონიასთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და მასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს:

„ა.წ. 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, დაჯილდოებულთა შორის დაასახელა დედა სიდონიაც (ყაჭეიშვილი), რომელსაც ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და შეცდომით საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია, თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია; ახლა კი როდესაც იგი მონოზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ.

დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტობრივად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.